
"ქართულ პოლიტიკაში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც ახალი ტელეკომპანიის "ფორმულა" შექმნა დაანონსდა"
15/08/2019 10:04:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გამოცემა Intellinews საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართულ პოლიტიკაში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც ახალი ტელეკომპანიის "ფორმულა" შექმნა დაანონსდა“.
"ფორმულა" მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გეგმავს. არხის ერთ–ერთი დამფინანსებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილია, რომელსაც საქართველოში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. იმჟამად ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო“, – წერს გამოცემა.
სტატიაშია აღნიშნულია, რომ მაშინ როცა მთავარი ოპოზიციური არხის „რუსთავი 2“–ის თაობაზე ქონებრივი დავა გრძელდება და მაშინ როცა ქვეყანაში არსებული კიდევ ერთი მთავარი არხის „TV პირველის“ მფლობელი გამოკითხეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება, „აშკარაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მედია–ბაზარზე გავლენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილმა საქართველო დატოვა. ქვეყანაში მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა, თბილისი მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა საფრანგეთმა ამაზე უარი განაცხადა. კეზერაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართეს:
„როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ 13 აგვისტოს Ambebi.ge -ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.
გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.
"ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მან“.
ამასთან, სტატიაში საუბარია საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის მიერ მიმდინარე წლის 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე:
„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს. სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. [...] ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“, – ციტირებს გამოცემა ხაზარაძის სიტყვებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხაზარაძემ დატოვა დირექტორთა საბჭოები მის მიერ დაფუძნებულ „თიბისი ბანკსა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“, ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებს, "რომელსაც ამერიკა და სხვა პარტნიორები უჭერენ მხარს".
გამოცემა ასევე ციტირებს ხაზარაძის მიერ 12 აგვიტოს გაკეთებულ განცხადებას:
„ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება.იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ , რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება“.
„ხაზარაძემ მკაცრად გააკრიტიკა ივანიშვილი, რომელსაც იგი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს, რის გამოც კონსორციუმს ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ფინანსების მოზიდვის მცდელობა გაურთულდა. ხაზარაძის პოლიტიკური მტრები აშკარაა, თუმცა ვინ იქნება მისი მოკავშირე უცნობია.
პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჯერ კიდევ დომინირებენ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური ძალისთვის მცირე ადგილი რჩება. თუმცა შემოთავაზებულმა სრულად პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ნულპროცენტიანი ბარიერით შეიძლება, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის გარკვეული მოულოდნელი შედეგები დადოს. ბევრმა ამომრჩეველმა რომლებიც სადღეისოდ ქვეყანაში არსებული ძირითადი პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუებულები არიან შესაძლოა, ხაზარაძის მხარდამჭერთა რიგებში აღმოჩნდნენ", – დასძენს გამოცემა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021