
"საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში და ადვოკატებს ვერ შეუშვებდნენ"
19/11/2021 10:28:42 სამართალი
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს ვერ მოინახულა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ უფლებადამცველები სააკაშვილთან შეხვედრას.
"განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც იმყოფება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ. ამის შემდგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერ–ჯერობით არ არის მოსული. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტებით არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით", – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.