„არ გავატარებთ!“ – ზალკალიანი ირწმუნება, რომ რუსი ჟურნალისტების ქცევაზე „უმწვავესი რეაგირება“ ჰქონდა
19/11/2021 13:21:45 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ რუსეთის სახელმწიფო არხის ტელეწამყვანების ქცევის გამო მას უმწვავესი რეაგირება ჰქონდა.
კერძოდ, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში“ განახორციელა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს საქართველოს მტკიცე პროტესტი გადასცა.
„რუსეთის სატელევიზიო არხზე ქართული დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაგირება მქონდა. მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებში კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გვაქვს. მე შევხვდი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩს, რომელიც იყო ჩვენთან და გადავეცი ჩვენი მტკიცე პროტესტი, რომელიც თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაციას გადასცემს. ეს არის ის უმაღლესი დონის დიპლომატიური დემარში, რაც მსგავს შემთხვევაში ხორციელდება. მე ეს გავაკეთე. მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელია ასეთი რამ და არც ერთ ასეთ, მსგავს შემთხვევას არ დავტოვებთ ყურადღების მიღმა და არ გავატარებთ!“ - განაცხადა ზალკალიანმა დეპუტატ ლევან იოსელიანის საპასუხოდ, რომელიც მინისტრის რეაგირებით დაინტერესდა.
იხილეთ ასევე: რა განაპირობებს სააკაშვილთან მიმართებაში რუსული მედიის ისტერიას


