
«რუსები აფხაზეთში უკვე ყველაფერს აკონტროლებენ, რჩება მხოლოდ ქაღალდზე გაფორმება - და ბჟანია მალე სწორედ ამას გააკეთებს»
19/11/2021 13:30:32 კონფლიქტები
მონასტერი აირია… მოკლედ რომ ვთქვათ, სწორედ ასე შეიძლება, აღიწეროს აფხაზეთში შექმნილი ვითარება. კრიმინალის შემოტევა, სამართალდამცველთა თვითნებობა, პანდემია, ენერგომომარაგების პრობლემები და კრიზისი პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში აიძულებს მოსახლეობას, სულ უფრო ხშირად დაფიქრდეს მთავარ კითხვაზე: რისთვის გვამზადებენ? ამ კითხვაზე პასუხები სხვადასხვაგვარია, თუმცა მთლიანობაში, ყველა თანხმდება მთავარზე — აფხაზეთს დიდი ძვრები ელის და ეს ძვრები, სამწუხაროდ, არ იქნება მის სასარგებლოდ.
სექტემბრის ბოლოს დაძაბულმა შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ ჯერ ჩაწყნარება ვერ მოასწრო — და ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყო მოვლენები, რომელმაც გააშიშვლა ხელისუფლების სურვილი, თუ ნებსით არა, სხვაგვარად დაიყოლიოს მოსახლეობა აფხაზეთისთვის ძალზე სახიფათო გადაწყვეტილებებთან შეგუებაზე.
ყველაფერი პრეზიდენტის მიერ ამასწინათ ტყვარჩელში გაკეთებული განცხადებით დაიწყო. ასლან ბჟანიამ სამომავლო გეგმები გააჟღერა, რომლებიც, მისი მტკიცებით, აფხაზეთს ესოდენ აუცილებელი ფინანსების მოძიების შესაძლებლობას მისცემს. გაირკვა, რომ პრეზიდენტი აპირებს, ქვეყანა უძრავი ქონების რუსებისთვის მიყიდვის გზით გაამდიდროს - როგორც ჩანს, იმ მორატორიუმის გვერდის ავლით, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად იქნა შემოღებული.
«თუ მკითხავთ, როგორ ვცხოვრობთ აქ — აფხაზეთში, გეტყვით, რომ ვცხოვრობთ ისე, როგორც დენთის კასრზე! არ ვიცით, საით მიგვაქანებს ხელისუფლება და კიდევ რისი დათმობა მოგვიწევს ჩვენი ოლიგარქების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებისთვის. ვშიშობ, მათ ჩვენი ბედი უკვე გადაწყვიტეს და სამშობლოს რუსებს კარგ ფულად უთმობენ. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ვინ რას გვკითხავს?! - ხმის ამოღების გვეშინია, წერის გვეშინია, უკვე თავად სიცოცხლისაც გვეშინია! რუსები ხომ აფხაზეთში უკვე ყველაფერს აკონტროლებენ, რჩება მხოლოდ ქაღალდზე გაფორმება - და ბჟანია მალე სწორედ ამას გააკეთებს», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.
ამ მოსაზრებას იზიარებს კიდევ ერთი რესპონდენტი - რიმაც. ახალგაზრდა ქალი თვლის, რომ უძრავი ქონების რუსებისთვის მიყიდვის საკითხი «წითელი ხაზია» და მისი განხილვა მხოლოდ არაშორსმჭვრეტელ მმართველს თუ შეუძლია. «ეს ინიციატივა რომ რიგით მოქალაქეს გაეჟღერებინა, არავინ იდარდებდა. მაგრამ ამაზე ალაპარაკდა პრეზიდენტი და დიდი ეჭვი მეპარება, ეს შემთხვევითობა იყოს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ კი ამას ჯერ გვიმალავენ. თუ ეს მოხდა, ჩვენი შიშები სახელმწიოებრიობის დაკარგვის თაობაზე რეალობად გადაიქცევა», - ამბობს რიმა.
ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა დარწმუნებულია იმაშიც, რომ აფხაზეთში შექმნილ განგრძობად კრიზისსაც ხელოვნური ფესვები აქვს.
«თავად განსაჯეთ: მაინერებმა მოულოდნელად შეუტიეს ენერგეტიკას — და ახლა საათობით ვსხედვართ უშუქოდ; პრობლემებია წყალმომარაგების, ხელფასებისა და პენსიების გაცემის კუთხით; პირველადი აუცილებლობის საქონლის ფაქტობრივად ყველა სახეობა გაძვირებულია. და ვინმეს კიდევ სჯერა, რომ ეს ყველაფერი ერთბაშად აფხაზეთს შემთხვევით დაატყდა თავს?! ვფიქრობ, მიზანმიმართულად მივყავდით ამ მდგომარეობამდე, რათა შემდეგ თავად, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით-იძულებით დავთანხმებულიყავით იმას, რასაც გვთავაზობენ», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე გურამი.
და მართლაც, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო: მილიციამ ძალისა და უკონტროლობის დემონსტრირება დაიწყო; კრიმინალმა უკვე სამთავრობო კაბინეტებამდე მიაღწია; საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობას უწევდა ზემოთხსენებულ პოლიტიკურ პროცესებს, ჩაანაცვლეს რუსეთისადმი ყველაზე ლოიალური კადრით: ეროვნებით აფხაზი ინალ არძინბა ხომ რეალურად, დიდი ხანია, არაფხაზია, ის არა მარტო «მარჯვენა ხელი» იყო ვლადისლავ სურკოვისა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს ცნების ნიველირებას, არამედ პირადადაც ურევია ამ პროცესებში ხელი. ახლა კი სწორედ ინალ არძინბას დახმარებით სურს აფხაზეთის პრეზიდენტს იმ დამღუპველი «რეფორმების» გატარება, რომლებიც აფხაზურ საზოგადოებას ყოფნა-არყოფნის არჩევანის წინაშე დააყენებს.
ამ გუნდის მთავარი მიზანი ნათელია, თუმცა აფხაზეთში სათანადო წინააღმდეგობას რატომღაც არავისგან აწყდება. ოპოზიცია, რომელიც მარტო მიმდინარე წლის განმავლობაში სამჯერ გაერთიანდა, რაღაც განცხადებებს აკეთებს, თუმცა ხალხი ყურადღების ღირსად აღარ თვლის.
«პირადად მე ოპოზიციას აღარ ვენდობი. ისინი ხომ ორიოდე წლის წინ თავად იყვნენ ხელისუფლებაში და რა გააკეთეს საიმისოდ, რომ ასეთი რთული დრო არ დამდგარიყო აფხაზეთში? ახლაც მხოლოდ მსუყე სახელმწიფო სალაფავთან დასაბრუნებლად იღწვიან, თორემ აფხაზეთის ინტერესები სულ არ ადარდებთ. შედეგად დავდექით არჩევანის წინაშე: ისევ ავიღოთ ხელში იარაღი და დავიცვათ აფხაზეთის ინტერესები ახლა უკვე რუსეთისგან, თუ დავნებდეთ დიდ მეზობელს და მდუმარედ გავყვეთ სასაკლაოზე? სწორედ ასე ვხედავ შექმნილ ვითარებას პირადად მე», - გვიზიარებს თავის წუხილს რესპონდენტი სახელად ვადიმი. მამაკაცის თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთს ყველაზე საშინელი უკვე უკან ჰქონდა ჩამოტოვებული, წინ კი მხოლოდ ნათელი მომავალი ელოდა და აფხაზური სახელმწიფოს აღზევება, მაგრამ რეალობაში, ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ მოხდა და რუსეთთან მეგობრობა აფხაზეთს ყველაზე ძვირ ფასად — სამშობლოს დაკარგვად დაუჯდება. «ქართველები, რომლებსაც თავის დროზე სურდათ აფხაზეთი აფხაზების გარეშე, უკვე 30 წელია, ჩვენს ბედს აღარ წყვეტენ. ჩვენი ყოფა კი დღითიდღე მძიმდება. რუსები, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდით, მათზე უარესები აღმოჩნდნენ, ვისთანაც თავის დროზე ვიომეთ. ქართველები დღეს გვმკურნალობენ, პენსიებსა და ხელფასებს გვიხდიან, ჩვენი სახელმწიფო ენის გადარჩენაც კი თავისი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს. და რუსები? - ისინი გვიქმნიან ყოველგვარ პრობლემებს, გვართმევენ მიწებს, ერევიან შიდა პროცესებში და ჩვენი მხრდაჭერის ვითომდა კეთილი საბაბით გამხმარ პურს გვიგდებენ, რომ ერთბაშად არ ამოვწყდეთ. ასეთია რეალობა და მას რაღაც სასწრაფოდ უნდა მოვუხერხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში აფხაზეთი რუსული სახელმწიფოს ნაწილად გადაიქცევა», - ამბობს ვიტალი.
ვითარება აფხაზეთში მართლაც სავალალოა. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან პრობლემების გროვაა, რომელთა მოგვარებას დრო სჭირდება — დრო, რომელიც აფხაზეთს აღარ აქვს. პრეზიდენტის განცხადებები რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის, ელექტროენერგიის გაძვირების, აფხაზური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკულად ყველა სფეროს რუსულთან ჰარმონიზების «აუცილებლობის» შესახებ ცალსახად წარმოაჩენს იმას, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმის მანქანა უკვე მოქმედებაშია მოყვანილი. და როგორც არ უნდა ეცადოს, აფხაზეთის მოსახლეობას მისი გაუქმების ანდა მასზე გავლენის მოხდენის ძალა არ შესწევს. ისღა დაგვრჩენია, უზენაესი ძალების იმედად ვიყოთ - ეგებ ამჯერადაც იხსნან აფხაზეთი მტერს მიყიდული მმართველებისგან, თუ არა და ველოდოთ დასასრულს.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება