ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება

20-11-2021 11:59:29 კავკასია

სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში შეხვდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორივე ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები დათანხმდნენ, რეგიონული სიტუაცია ბრიუსელში განეხილათ. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ, თავდაცვის სამინისტროების დონეზე პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარონ, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის როლს შეასრულებს.

გასული წლის ნოემბერში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მესამე შეხვედრა შედგება ფაშინიანსა და ალიევს შორის. წინა ორი შეხვედრა მოსკოვში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.

16 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტაკება მოხდა. მხარეები პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის რუსეთს მიმართა და გაიხსენა 1997 წლის ორმხრივი შეთანხმება. რუსეთის ჩარევის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები