
სასამართლომ "ტვ პირველს" პატრულ-ინსპექტორისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა
20/11/2021 08:05:04 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "პირველს" პატრულ-ინსპექტორისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.
დავა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გელა კვაშილავას და ტელეკომპანიას შორის მიმდინარეობდა.
შსს-ის ცნობით, საქმე 2021 წლის 30 იანვრის სიუჟეტს ეხება. კერძოდ, "ტვ პირველმა" განაცხადა, რომ შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურს გელა კვაშილავას ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ გადაჰქონდა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლახავდა პატრულ-ინსპექტორის ღირსებას და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "პირველს" დაავალა პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება.
"სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად სცნო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია პირველმა კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში". - აცხადებს შსს.