ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდასა და მათ აკრძალვაზე საუბრობს

22-11-2021 11:23:42 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები. საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და აქედან 99% პროცენტი არის გაჭირვებული მოსახლეობის, ვინც არ მუშაობს. ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები