აფხაზური დელეგაცია თურქულ პარლამენტში: რა პოზიცია აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ანკარას

22-11-2021 14:33:32 კონფლიქტები

პირველად ომისშემდგომ პერიოდში, აფხაზური "საპარლამენტო" დელეგაცია თურქეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის წევრმა - "დეპუტატმა" ასტამურ ლოგუამ უამბო და თურქეთში ამ ვიზიტს, რომელიც 14-დან 19 ნოემბრამდე გრძელდებოდა, "ისტორიული" უწოდა.

"ჩვენ შევხვდით არა მარტო აფხაზური წარმომავლობის დეპუტატებს, არამედ სხვებსაც. თურქ კოლეგებთან განვიხილეთ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები და თუ ღმერთმა ინება, უკვე მომავალ წელს აფხაზეთში თურქი დეპუტატების დიდ დელეგაციას ვუმასპინძლებთ ჩვენს შორის კონტაქტების გასაღრმავებლად. მართალია, ჩვენს შეხვედრებს თურქული პარლამენტის მთელი შემადგენლობა არ დასწრებია, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლების გარკვეული რაოდენობა აფხაზ კოლეგებს პირველად შეხვდა. განვიხილეთ რიგი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც როგორც აფხაზეთში გაიმართება მაღალი სტუმრების მონაწილეობით, ისე თავად თურქეთის რესპუბლიკაშიც. ჩემი აზრით, ეს მეგობრობის დიდი გზის დასაწყისია", – განაცხადა ლოგუამ.

ამასთან, მისივე თქმით, "დეპუტატები" შეხვდნენ რიგი თურქული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებთანაც რეგიონის ქვეყნების საპარლამენტო და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა მრგვალი მაგიდების გამართვის საკითხები იქნა განხილული.

ამ თემაზე საუბრისას ლოგუამ ახსენა რეგიონული თანამშრომლობის "3+3" (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი, რუსეთი, თურქეთი) ფორმატი და მასში აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება:

"ამ ფორმატში აფხაზეთზე, სამწუხაროდ, საუბარი არ არის. თუმცა ვფიქრობ, ვიმუშავებთ ალტერნატივაზე. ეს შეიძლება, იყოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ან იყოს საპარლამენტო პლატფორმა, მაგრამ "3+4", – განაცხადა ლოგუამ.

მისივე პროგნოზით, მომავალი წელი "გარღვევის წლად" იქცევა აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების მიმართულებით.

"ვინც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მსოფლიოსთან აფხაზეთის ურთიერთობას, ეს საბოლოოდ არავის გამოუვა. დაგვბლოკავენ ერთ წელიწადს, ორს, სამს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენსას მაინც მივაღწევთ და აფხაზეთს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. დარწმუნებული ვარ, 2022 წელი გარღვევის მომტანი იქნება აფხაზეთის საგარეო კავშირების კუთხით" - დასძინა აფხაზმა დე ფაქტო დეპუტატმა.

"აქცენტი" კომენტარისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას, სადაც კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებული ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან. აღნიშნული კერძო ხასიათის შეხვედრები, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება თურქეთის მხარესთან ოფიციალურ კომუნიკაციად. საქართველოს საელჩო ანკარაში მუდმივ თანამშრომლობაშია თურქეთის მხარესთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში" - განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები