რუსეთის საგარეო დაზვერვა–უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: "მსგავსი ვითარება 2008 წლის მოვლენებამდეც ვიხილეთ,რაც სააკაშვილს ძვირი დაუჯდა"

23-11-2021 10:50:09 პოლიტიკა ,მსოფლიო

რუსეთის საგარეო დაზვერვა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მსგავსი ვითარება 2008 წლის მოვლენებამდეც იყო".

"აშშ და ევროკავშირი კიევს მიზანმიმართულად უძლიერებენ ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას, რაც 2008 წლის მოვლენების წინა პერიოდის საქართველოს ვითარებას ჰგავს, როცა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა" და შეეცადა რუსეთის მშვიდობის დამცველების და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას. მას ეს ძვირად დაუჯდა". [...] ბოლო დროს ვაშინგტონელი ჩინოვნიკები აქტიურად მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობის დაშინებას, თითქოს რუსეთი "აგრესიისთვის" ემზადება უკრაინასთან მიმართებით. კერძოდ, არსებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური არხებით აწვდის თავის პარტნიორებს და მოკავშირეებს სრულიად მცდარინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჯარის კონცენტრირების შესახებ, უკრაინაში შეჭრის მიზნით", – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

რუსეთის სადაზვერვო უწყებას ამ განცხადებაში მაგალითისთვის მოჰყავს გებელსის ციტატა - რომ "რაც უფრო წარმოუდგენელია სიცრუე, მით უფრო ენთუზიაზმით იჯერებს მას ბრბო" და დასძენს, რომ ეს ეწერება "დასავლეთის ანტირუსულ კურსში".

რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობა "ცივი ომის" შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დაძაბულობას იწვევს ბევრი საკითხი, მათ შორის – რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევა, მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსირება, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, კიბერთავდასხმები, რომლებშიც რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბედი.

დასავლეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებაზე უკრაინის საზღვართან, მოსკოვის გაღიზიანებას კი იწვევს ნატო–ს წევრი ქვეყნების გახშირებული საზღვაო ვიზიტები შავ ზღვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები