
„ძლიერი პატრონი ჰყავდა“ – რატომ დააბრუნდა „ქართულმა ოცნებამ“ აზარტული თამაშების თემა დღის წესრიგში?
23/11/2021 10:42:08 პოლიტიკა, ანალიზი
ონლაინ–კაზინოების თემა მორიგ ჯერზე დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამჯერად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ–კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს.
"პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, ონლაინ–კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები" – თქვა ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს.
გარდა პირდაპირი შეზღუდვებისა, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის სისტემის შეცვლას და კაზინოებზე საგადასახადო წნეხის გაზრდასაც გეგმავს: ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, გეგმა, რომელიც პარლამენტს ერთ კვირაში წარედგინება, მიზნად ისახავს აზარტული თამაშების სფეროს მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
მინისტრი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 18-დან 24 წლამდე მოსახლეობისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაა, რადგან ამ ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 280 000-ს აღწევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ბრუნვის მოცულობამ 6 მილიარდი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი.
საინტერესოა, რომ თემა უცხო მმართველი გუნდისთვის არაა, „ქართული ოცნების“ რიგი წევრები ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოდიოდნენ ხმაურიანი განცხადებებით – „აზარტული თამაშები დიდი უბედურებაა, ქმარი ცოლს ბეჭედს აძრობს და იმით თამაშობს“ – ამბობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე სოფიო კილაძე, დაიწყო კანონპროექტზე მუშაობაც, რომელიც კანონად ვერ გარდაისახა, რადგან პარლამენტმა ის 2019 წელს ჩააგდო.
„ძლიერი პატრონი ჰყავდა“,– ასე იხსენებს ძველი კანონპროექტის ირგვლივ „კულისებში“ განვითარებულ პერიპეტიებს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ასევე იყო ჩართული პროექტის მომზადების პროცესში.
„ამ თემის ირგვლივ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ლევან გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობდა. ორი წელი ინტენსიურად მიდიოდა მუშაობა და რაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიტანა, ზუსტად ის კანონპროექტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ ჩააგდო“,– ყვება ბესელია.
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იხსენებს, რომ კანონპროექტის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებას წინ არაერთი შეხვედრა უძღოდა, მათ შორის – ვიწრო ფორმატში და იმჟამინდელი პრემიერის მამუკა ბახტაძის ჩართულობით. საუბარი იყო როგორც რეკლამის აკრძალვაზე, ისე ასაკობრივი ცენზის დაწესებაზე, თუმცა პროცესი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
„როდესაც ხელისუფლებაში ხარ, შეუძლებელია, ამ პრობლემის სიმწვავეს და მასშტაბს ვერ ხედავდე, მაგრამ აშკარა იყო, რომ ძალიან ძლიერი ლობისტები ჰყავდა და დღესაც ჰყავს, რადგან ფული, რომელიც „შავ ბაზარზე“ ტრიალებს, საქართველოს ბიუჯეტზე დიდია: 14–15 მილიარდ ლარზეა საუბარი (კაზინოების შემოსავლები), ხოლო აქედან ბიუჯეტში რეალურად ალბათ, მხოლოდ 10%–ს იხდიან. მმართველი პარტიაა ამ „შავ ფულის“ ერთ–ერთი მიმღები. გოგიჩაიშვილს დასჭირდა დიდი ბრძოლა, რომ უმრავლესობის შიგნით მომზადებული კანონპროექტი კენჭისყრაზე გამოსულიყო“.
როგორც ბესელია ყვება, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ტექსტის შერბილების საკითხს ლობირებდა როგორც საჯაროდ, ისე დახურულ შეხვედრებზე:
„ძალოვნებისთვის იყო ეს თემა პრობლემური და თავად პარტიისთვის: კობახიძემ კენჭისყრის წინ პირდაპირ მოუწოდა უმრავლესობას, „ჩააგდეთ კანონპროექტიო“. ახლა რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ამ „შავი ფულის“ ძალიან დიდი ნაწილი საარჩევნოდაც მიდის პარტიაში და ალბათ, არა მარტო ... იმდენად ძლიერი იყო ლობიზმი, რომ კენჭისყრამდე მისვლასაც ბრძოლა დასჭირდა და ახლა რა მოხდა ამ პატრონთან დაკავშირებით, არ ვიცი“.
კომენტატორების ნაწილი იმ კონტექსტში, თუ რატომ დააბრუნა საკითხი დღის წესრიგში მმართველმა გუნდმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დასახელებული მოტივების გათვალისწინებით, ეჭვობს, საკითხი გადაწყვეტამდე მივიდეს, ხოლო ნაწილი ქვეყანაში არსებული დაძაბული სოციალურ–პოლიტიკური გარემოს ფონზე მოქალაქეთა გულის მოგების მცდელობაზე საუბრობს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია კი ინტერნეტზე კონტროლის დაწესებას რისკებს ხედავს:
„რეალურად ინტერნეტსივრცის შეზღუდვა უნდათ: კანონის შემოტანა, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის ვებ–გვერდებზე წვდომა შეიზღუდება. ეს დაიწყება ონლაინ–კაზინოებით. მსგავსი რამ ხდება ისე ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს უჭირავს სრული კონტროლი ინტერნეტზე, შესაბამისად, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე. მოქალაქეებს უნდა გვესმოდეს, რა მიმართულებით მივდივართ და რა შეზღუდვები გველის, თუ ასე გაგრძელდება.“
მათ შორის, ამ კონტექსტშიც საინტერესოა “ქართული ოცნების” მიერ “საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ” კანონში ივნისში შემოთავაზებული ცვლილებები, რომელსაც საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერნეტის „ტოტალურ კონტროლად” აფასებენ. ხსენებული ცვლილებების მიხედვით, 30 დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება ნებისმიერი მოქალაქის პირად მონაცემებსა და მიმოწერაზე შეუზღუდავი და გამარტივებული წვდომა. ეს მოვალეობა სამსახურთან მოქმედი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის იქნება დელეგირებული. სააგენტო, კერძოდ, უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს საქმიანობის გარკვეული სახეობები იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც დაცულები უნდა იყვნენ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან სახელმწიფო დაწესებულებები, მეორეს – კავშირგაბმულობის ოპერატორები – მაგალითად, ინტერნეტ-პროვაიდერები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, მესამეს – იურიდიული პირები, მათ შორის - ბანკები. პროვაიდერების ქსელებზე სრული წვდომა ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში ზემოხსენებული სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება, სასამართლოს შესაბამისი სანქციის გარეშე ადევნოს თვალი ინტერნეტ-პროვაიდერების მომხმარებლების მიმოწერასა და პირად მონაცემებს.
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, განმარტავენ, რომ ისინი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს და შიშობენ, რომ ის, რასაც სუს-ი ფორმალურად უკანონოდ აკეთებს, უკვე კანონით გამყარებულ საფუძველზე გააკეთებს.