
ტოლერანტობა აფხაზურად: რა გამოიწვია სოხუმის №2 სკოლაში წარმოდგენილმა “ცისარტყელამ”
23/11/2021 14:43:38 კონფლიქტები
აფხაზეთში მორიგი სკანდალია. ბოლო დღეებში სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ემოციურად განიხილება სოხუმის №2 საშუალო სკოლის მე-5 კლასში ტოლერანტობის თემაზე ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელზეც სხვა საილუსტრაციო მასალებს შორის “ცისარტყელას დროშის” ინტერნეტიდან ამოღებული ფოტო იყო წარმოდგენილი.
ღია გაკვეთილს, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგმა 17 ნოემბერს – ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ჩაატარა, დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა ისინი ყველაფრით კმაყოფილები დარჩნენ.
სკანდალი კი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ატეხა მას შემდეგ, რაც მოგვიანებით “ცისარტყელას დროშის” ფოტო შეამჩნია იმ გაკვეთილის ვიდეო-ჩანაწერში, რომელსაც მისი შვილიც ესწრებოდა. მშობელმა ჩათვალა, რომ ეს იმდენად გაუგონარი რამ ოყო, რომ არა პედაგოგის ან სკოლის დირექციისთვის, არამედ პირდაპირ სამართალდამცველი ორგანოებისთვის უნდა მიემართა – და ასეც მოიქცა.
მოგვიანებით მომხდარს დე ფაქტო შსს-ს პრეს-სამსახური გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შს სოხუმის საქალაქო განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოს თანამშრომლები შეხვდნენ სკოლის დირექციასა და თავად პედაგოგს განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ასტანდა ტარკილის თანდასწრებით, მათგან მიღებულია შესაბამისი განმარტებები”. “ჩატარდა ასევე შესაბამისი შემოწმება, შესწავლილ იქნა პედაგოგის მიერ გამოყენებული საილუსტრაციო მასალაც და დადგინდა, რომ “ცისარტყელას დროშა”, რომლის ფოტოც გაკვეთილზე იქნა ნაჩვენები, წარმოადგენს მსოფლიოში მშვიდობის სიმბოლოს” – განაცხადეს დე ფაქტო შსს-ში.
პედაგოგს, შეიძლება, ითქვას, გაუმართლა, რომ “ცისარტყელას დროშას” აღმოაჩნდა კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა. კერძოდ, ის არა მარტო LGBT თემის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვის მოძრაობის სიმბოლოა: მის ავტორად ითვლება იტალიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და ჰუმანისტი ალდო კაპიტინი, რომელმაც ეს დროშა პირველად 1961 წლის 24 სექტემბერს, მშვიდობის მარშზე “მშვიდობის, შერიგების ბიბლიური ნიშნისა და მრავალფეროვნების” სიმბოლოდ წარმოადგინა. დე ფაქტო შსს-ც “ცისარტყელას დროშის” ამ მნიშვნელობაზე სავარაუდოდ, განგებ – წარმოქმნილი საზოგადოებრივი დაძაბულობის განსამუხტად კონცენტრირდა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხომ ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები ის ფაქტი, რომ რის სიმბოლოდაც არ უნდა იქნას წარმოდგენილი “ცისარტყელას დროშა”, მისი დემონსტრაცია აფხაზეთში კანონით არ იკრძალება და შესაბამისად, პედაგოგს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
ამ მხრივ საინტერესოა პედაგოგების პოზიციაც. სოხუმის №3 სკოლაში მომუშავე მასწავლებელი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ბლოგერი ოლესია მალანკა, მაგალითად, «Эхо Кавказа»-სთვის მიცემულ კომენტარში იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ტოლერანტობა მხოლოდ LGBT თემის უფლებებს არ მოიცავს და რომ ისიც, ისევე, როგორც ამ სკანდალური შემთხვევის მონაწილე პედაგოგი, არასოდეს ამახვილებს ბავშვებთან ყურადღებას ტოლერანტობის იმ ასპექტზე, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია:
«უკვე დიდი ხანია, ვატარებთ საკლასო საათებს ტოლერანტობის თემაზე. ბავშვებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ სხვა რელიგიური მრწამსის, სხვა ეროვნებების წარმომადგენლებს, რომ არ არსებობს ცუდი ეროვნება და არსებობენ მხოლოდ ცუდი ადამიანები, რომ არსებობს ხალხი კანის სხვა ფერით და რომ მათაც პატივისცემით უნდა მივუდგეთ. მაგრამ მთელი ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში არასოდეს მისაუბრია და არც რომელიმე სხვა პედაგოგის მუშაობაში შემიმჩნევია შემთხვევა, ვინმეს ბავშვებთან აი იმ თემაზე ესაუბროს, ამ მიმართულებით თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვას. არც იმ გოგოს გაკვეთილზე გამახვილებულა ამაზე ყურადღება – საერთოდ არ წამოწეულა ეს თემა».
თუმცა თუ ზოგიერთი ინტერნეტ-მომხმარებლების კომენტარებით ვიმსჯელებთ, მათთვის ზოგადად ტოლერანტობაა მიუღებელი – მის ნებისმიერ ასპექტში, რადგან ის “აფხაზებისთვის უცხოდ და საზიანოდ” მიაჩნიათ.
“ჩვენი მორალური კოდექსისთვის სახელწოდებით “აფსუარა” მიუღებელია ტოლერანტობა მისი ნებისმიერი გაგებით… რა საჭიროა მისით ბავშვთა გონების დანაგვიანება? ჩვენ გაგვაჩნია უამრავი სხვა ფასეულობა, რომელიც ბევრად მეტად იმსახურებს, რომ მომავალ თაობებს მათზე ვესაუბროთ» - წერს ერთ-ერთი რიგითი ინტერნეტ-მომხმარებელი.
ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული სოცქსელში ზოგიერთ ცნობად პერსონას, მაგალითად, მეცნიერს, ექსპერტ-კავკასიოლოგ ანა ბროიდოს:
«ჩემს ბავშვობაში პედაგოგები გვიტარებდნენ ვაჟკაცობის, გამბედაობის, გმირობის და არა ტოლერანტობის გაკვეთილებს რაღაც საეჭვო ელფერით… დიახ, ცისარტყელა სასიამოვნო ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ფაშისტური სვასტიკაც მიწის ნაყოფიერების უძველესი სიმბოლოა! […] არ ვიცი, ვისი იდეაა ტოლერანტობის თემაზე გაკვეთილების ტარება, მაგრამ ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს იმას, რომ თუკი მაინც ტარდება, მსგავსი გაკვეთილები ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით უნდა ტარდებოდეს. “აფსუარას” ტოლერანტობის ბევრი სხვა ერისთვის შესაშური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია. სწორედ მათ შესახებ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს! ხოლო ის, რაც მოხდა, საუკეთესო შემთხვევაში პროფანაციაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – ჩვენი შვილების გონებაში ჩვენთვის უცხო ტრადიციებისა და ფასეულობების ჩადების მცდელობა».
არაერთი ინტერნეტ-კომენტატორი მოითხოვს, დე ფაქტო განათლების სამინისტრომ საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლგბტ თემის საკითხთან დაკავშირებით:
“უნდა ვიცოდეთ, ვის ვანდობთ ჩვენს შვილებს! ჩვენს ახალგაზრდობაში ისედაც შეინიშნება მორალური და ზნეობრივი ფასეულობების დევალვაცია, ჩვენი ხალხისთვის ტრადიციული ცნებების წაშლა - და ახლა “პიროვნების თავისუფლების” გაუკუღმართებულ მდგომარეობაში ნახტომიღა გვაკლდა!”.
რევანშისტულად განწყობილი აფხაზური ოპოზიცია, რომელიც ნებისმიერ საბაბს იყენებს საპროტესტო აქციების გასამართად და დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომის საკითხის დასაყენებლად, კიდევ უფრო შორს წავიდა: მან “პარლამენტის” რიგგარეშე სხდომის გამართვა და მასზე განათლების დე ფაქტო მინისტრის მიწვევა მოითხოვა.
ადგილობრივი ფსიქოლოგები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ამ სკანდალმა, მათ შორის პედაგოგისა და სასკოლო ადმინისტრაციის მიმართ დაწყებულმა დევნამ სწორედ იმას შეუწყო ხელი, რასაც სკანდალის ავტორები აპროტესტებდნენ, კერძოდ, თემისადმი ბავშვების მომეტებული ყურადღება გამოიწვია.
«ამ შემთხვევამ განაპირობა ის, რომ თემას დღეს ფართოდ განიხილავენ ბავშვებიც. თუ მანამდე მათ ამ მოძრაობის შესახებ არაფერი იცოდნენ, ახლა შესაბამის ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში, საუბრობენ კლასში, სკოლაში, სხვა თანატოლებთან. და ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება» - აღნიშნავს ოლესია მალანკა.