Accentnews.ge
«მინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენთან - აფხაზეთში ხდება, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი!»

«მინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენთან - აფხაზეთში ხდება, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი!»

23/11/2021 16:25:15 კონფლიქტები

ზუსტად ერთი წლის წინ აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს «ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამას», რომელიც რესპუბლიკაში დღემდე რჩება ცხარე დებატების საგნად. ერთი შეხედვით, ეს დოკუმენტი თითქოსდა სასარგებლოა აფხაზეთისთვის, რომელსაც პრობლემები აქვს ფაქტობრივად ყველა სფეროსა და დარგში, მაგრამ… აი ამ «მაგრამის» უკან იმალება აფხაზეთისთვის სასიკვდილო საფრთხის მატარებელი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

არ ჩამოვყვები ხსენებული დოკუმენტის ყველა პუნქტს, რომლის რეალიზებაც აფხაზეთის ხელისუფლებამ, ერთი წლის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოახერხა. აღგიწერთ მხოლოდ ვითარებას, რომელიც რესპუბლიკაში რუსების წინაშე ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების არშესრულების გამო შეიქმნა.

100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია იმის კონსტატირება, რომ აფხაზეთში შექმნილი კრიზისი უფრო ხელოვნური წარმოშობისაა, ვიდრე ბუნებრივი და ყველა იმ პროცესის უკან, რომელიც აფხაზურ საზოგადოებას პრობლემების ფსკერისკენ უბიძგებს, დგას რუსეთი.

«გასაგებია, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს — ეს დროის მოთხოვნაა. მაგრამ ისმის კითხვა: როგორ უნდა განვითარდეს? არსებობს სფეროები, რომლებშიც საჭიროა თანამშრომლობა, წინ ერთობლივი სვლა და არსებობს დარგები, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩვენს შიდა საქმეს წარმოადგენს», - განაცხადა ერთი წლის წინ, დოკუმენტის ხელმოწერისთანავე პოლიტოლოგმა ლიანა ქვარჩელიამ. მის ამ აზრს როგორც ინხამად, ისე დღესაც იზიარებს აფხაზეთის ბევრი მოქალაქე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ე.წ. ჰარმონიზაციის პროგრამის უკან რეალურად, რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმა იმალება.

«აფხაზეთისთვის ესოდენ საზიანო შეთანხმების ხელმოწერამდე ჩვენი პრეზიდენტი ვალდებული იყო, ყველაფერი ხალხისთვის ეამბა. მან ხომ რუსებს მონებად მიგვყიდა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით! ხელმოწერით კი მოაწერა ხელი, აი რეალიზება კი ვერ შეძლო: ჩვენმა პარლამენტარებმა — მადლობა მათ ამ ღირსეული საქციელისთვის, წინააღმდეგობა გასწიეს. თუმცა როცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს, რუსებმა ჩვენი მმართველების დახმარებით სხვა გზას მიმართეს საწადელის მისაღწევად — და აფხაზეთში დაიწყო ქაოსი. მინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენთან - აფხაზეთში ხდება, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი!» - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი ასტამური.

სიტუაცია, რომელიც აფხაზეთში ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება, ამის ნათელი მტკიცებულებაა. ცოტამ თუ იცის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აფხაზეთის ყველა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებაში დოკუმენტაციის ტოტალურ შემოწმებას ატარებენ. და საუბარია არა მარტო რაღაც ერთობლივ საპროექტო საბუთებზე, არამედ აფხაზეთის წმინდად შიდა საქმეებზე. სწავლობენ, კონფისცირებას ახორციელებენ, მოხსენებებს მოითხოვენ აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან. და ეს ყველაფერი — ხალხისგან მალულად, მაგრამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თანხმობით. ხოლო მათ, ვინც ამ გაუგონარ თვითნებობას წინააღმდეგობას გაუწევს, გაჩუმებას აიძულებენ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის — სამსახურიდან გაგდებით.

კორონავირუსი რუსებს მხოლოდ დაეხმარათ. პანდემიის დაწყებიდან გასული დროის განმავლობაში აფხაზეთში უკვე 510-ზე მეტი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული. და რა გააკეთა ჩვენმა მეგობარმა, მეზობელმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა? - გააკეთა ყველაფერი, რათა რესპუბლიკას რაც შეიძლება, ცოტა მედიკამენტი, დაცვისა და სხვა საჭირო საშუალება მიეღო, შეიმუშავა რა საგანგებოდ აფხაზეთისთვის COVID-ის მკურნალობის საქმეში აუცილებელი პრეპარატების შეტანის სპეციალური წესები. ამასთან ერთად, რუსებმა «ურჩ» აფხაზებს პირდაპირი მნიშვნელობით სიბნელე მოუწყვეს ელექტრომომარაგების კუთხით კოლოსალური პრობლემების შექმნით. აფხაზეთი იძულებული შეიქმნა, რუსეთისთვის დახმარება ეთხოვა, ასე ვიქეცით ყველანი მოსკოვის წინაშე 3-მილიარდიანი ვალის მფლობელებად და ამ ფულს რუსები უკვე გვთხოვენ.

«როცა მშვიდობიანი მეთოდებით ვერას გახდა, რუსეთმა აფხაზეთის დაპატრონების უფრო მზაკვრულ ხერხს მიმართა: დენი მოგვცა ვალად და ახლა ამ ვალის დასაფარად, რომელსაც უკვე თვეზე მეტია, პროცენტებიც ემატება, იძულებულები ვიქნებით, ერთბაშად მივიღოთ მათთან «ჰარმონიზების» პროგრამა. აი, ასეა საქმე», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ალისა.

«ვფიქრობ, ენერგოსექტორში შექმნილი პრობლემა — ეს გამოწვევაა, ჩვენი სიმწიფის, თვითკმარობის, დამოუკიდებლობის ერთგვარი გამოცდა. ეს არა სახელმწიფოს, როგორც სისტემის, არა საზოგადოების, როგორც ინდივიდების ერთობლიობის გამოცდაა, არამედ ხალხის. ესაა ერად ყოფნის უფლების შემოწმება», - წერს სოცქსელში ინტერნეტ-მომხმარებელი თენგიზ ჯოპუა.

იმისათვის, რომ ვითარება არა მარტო წარმოჩენილიყო შემაძრწუნებლად, არამედ რეალურადაც ასეთად ქცეულიყო, რუსებმა ერთდროულად ყველა მიმართულებით დაიწყეს ზეწოლა. ე.წ. საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ნაკადები რესპუბლიკაში დაგეგმილზე ბევრად გვიან და ბევრად მცირე მოცულობით აღწევს. რუსეთთან საზღვარზე კი აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის იმდენად რთული პირობებია შექმნილი, რომ ალბათ, მსგავსს მსოფლიოში ვერსად ნახავთ.

ბოლო შტრიხად აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის რეალური ზრახვების დემონსტრირებაში იქცა ინალ არძინბას დანიშნვა საგარეო საქმეთა მინისტრად. ახლა რუსებს შესაძლებლობა მიეცათ, არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდან მართონ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

მომავალი წლის მარტში აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება. 35 მანდატზე, წინასწარი ინფორმაციით, უკვე 100-ზე მეტი მსურველი აცხადებს პრეტენზიას. მათ უმრავლესობას პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთა მთავარი ამოცანა აფხაზეთის რუსეთთან «ჰარმონიზების» პროგრამის რეალიზების მიღწევაა.

«თუ პატრიოტების ადგილებს დაიკავებენ მედროვეები, რომელთათვისაც პირადი სარგებელი უმთავრესია, ცუდადაა, ბიჭებო, ჩვენი საქმე! ჩვენ დიდი ცვლილებების ზღურბლზე ვდგავართ და მთავარი მოქმედი პირი აქ დედა-რუსეთია. მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ როგორც მოისურვებდნენ, ისე იქნებოდა აფხაზეთში ყველაფერი. აფხაზეთმა მკაფიოდ უჩვენათ, რომ ყოველთვის და ყველაფერში ასე ვერ იქნება. ვშიშობ, ყველა მოვიმკით ამ «ურჩობის» შედეგებს. და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ფსონი ძალიან მაღალია – ყოფნა-არყოფნა აფხაზური სახელმწიფოსი, რომლის მისაკუთრებასაც რუსეთი დიდი ხანია, ლამობს. და თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ გზით რუსეთი ჩვენზე ზრუნავს, ძალიან მწარედ ცდება. აფხაზი ხალხი მათ არაფერში სჭირდებათ, აფხაზური მიწა კი რუსებისთვის მხოლოდ საგამოცდო პოლიგონია, ერთგვარი ფარი დანარჩენი მსოფლიოსგან», - თვლის ჩვენი რესპონდენტი თემური.

რომ შევაჯამოთ, რუსეთი ერევა აფხაზეთის შიდა საქმეებში; მოითხოვს მასთან კონსულტაციებს ძირითადი საკადრო გადაწყვეტილებების საკითხებში; ახდენს სხვადასხვა პრობლემური სიტუაციების ინიცირებას და შემდეგ თავადვე «ეხმარება» აფხაზეთის ხელმძღვანელ პირებს კოსმოსური ოდენობის თანხების სანაცვლოდ მათ გადაჭრაში; ცდილობს, წაგვართვას ენერგეტიკული დარგი; გვაიძულებს, გავაუქმოთ კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ქონების შეძენას უკრძალავს; ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს; ცდილობს, გაგვაუქმებინოს მოსკოვის ხედვით «დისკრიმინაციული» კანონი სახელმწიფო (აფხაზური) ენის შესახებ. არსებობს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელზეც რუსები სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი ამას აფხაზეთის ხელისუფლების თანხმობითა და დაყვავებით სჩადიან.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S