
"პრობლემაა, რომ სააკაშვილს გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება"
23/11/2021 16:00:53 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა.
"დაახლოებით, 2 საათი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შიგნით მიგვეღწია. გაურკვევლობაა, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციური უწყებას შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს", - განაცხადა ლომჯარიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, გარკვეული საკითხები მოგვარებულია, თუმცა რჩება სხვა პრობლემაც:
„გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა მივეცით ადრე, გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს“.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მადლიერია, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის.