ერევანი მოსკოვს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შუამავლობას სთხოვს

24-11-2021 12:50:03 კავკასია

ერევანი მოსკოვს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შუამავლობას სთხოვს. ამის შესახებ რადიო "აზატუტიუნთან" საუბარში სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-მდივანმა ვაან უნანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთის რიგმა პარტნიორებმა, მათ შორის რუსეთმა ამ საკითხში შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვეს - და ერევანმა კრემლს მიმართა.

«ჩვენ მოვახდინეთ რუსეთის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი წინაპირობების გარეშე. როცა და თუ ეს პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ», – აღნიშნა უნანიანმა.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოდან მოყოლებული, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადეს იმის შესახებ, რომ ერთმანეთისგან პოზიტიურ მესიჯებს იღებენ. სექტემბერში თურქეთის ლიდერმა ისიც კი აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერმა მისი ქართველი კოლეგის შუამავლობით მას შეხვედრა შესთავაზა, თუმცა "იმისათვის, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს, ერევანმა "ზანგეზურის დერეფნის" მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგასო». მეორე დღესვე რეჯეფ თაიფ ერდოღანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა უპასუხა, რომლის თქმით, "დერეფნული ლოგიკა ერევნისთვის მიუღებელია, თუმცა სომხეთი მზადაა თურქეთთან კონტაქტებისთვის".

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ამ დღეებში ფრანგული "Le Figaro"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთთან დიალოგის დასაწყებად თურქეთი მოითხოვს დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს ნახჭევანის ავტონომიასთან აკავშირებს.

«ეს განხილვის თემა ვერ იქნება. სახელმწიფოებმა ტრანზიტი საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობით უნდა დაუშვან. ყველა რეგიონული კომუნიკაცია კვლავ უნდა გაიხსნას. სომხეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მზადაა ურთიერთობებისთვის წინაპირობების გარეშე, მიუხედავად იმ უზარმაზარი დახმარებისა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანს არცახის წინააღმდეგ ომში გაუწია» - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები