ინგუშეთთან სასაზღვრო დავის მორიგი გამწვავების ფონზე კადიროვი სამხედრო წვრთნებს მართავს

24-11-2021 14:02:30 კავკასია

ჩეჩნეთში სამართალდამცველი და ძალოვანი ქვედანაყოფების სამდღიანი წვრთა დაიწყო. რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა "სუბიექტის პერიმეტრზე" სპეციალური საგუშაგოების - "სადაზვერვო წერტილების" განთავსების ბრძანება გასცა.

ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირზე მან ეს "მსოფლიოში არსებულ დაძაბულობას" დაუკავშირა და დასძინა, რომ "ჩეჩნეთი რუსეთის ფორპოსტია ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე".

"ეს ომს არ ნიშნავს, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ" - განმარტა კადიროვმა.

წვრთნების მონაწილე სამხედრო ტექნიკაზე ჩეჩნეთისა და რუსეთის დროშებთან ერთად, რამზან კადიროვის პლაკატებია მიმაგრებული. სწავლების ფარგლებში სამხედროები და ტექნიკა ინგუშეთის მოსაზღვრე გალანჩოჟის რაიონისკენ გადაადგილდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს წვრთნები ჩეჩეთ-ინგუშეთის საზღვარზე, მდინარე ფორტანგას სიახლოვეს მდებარე სოფელ დატტიხის მიდამოებში ვითარების დაძაბვისა და რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადების შესახებ ცნობების ფონზე ტარდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგუშეთის სუნჟის რაიონის ხელმძღვანელმა მაგომედ ძეითოვმა ჩეჩნეთის სერნოვოდსკის რაიონის ხელმძღვანელ ისმაილ ისრაილოვისგან მიაღწია დაპირებას ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვარზე გამავალი მდინარის - ფორტანგას კალაპოტის აღდგენის თაობაზე, რომელიც "ჩეჩენავტოდორმა" მის მიერ ჩეჩნური მხარის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეცვალა.

"ინგუშეთის რესპუბლიკის ტეიპების საბჭომ" გასულ კვირას ინგუში და ჩეჩენი ხალხებისადმი მიმართვა გაავრცელა ორ რესპუბლიკას შორის საზღვრის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ირგვლივ დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.

საპასუხოდ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა თავის ინსტაგრამ-გვერდზე "ინგუშეთის რესპუბლიკის ტეიპების საბჭო" ჩეჩნურ ენაზე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ საბჭოს წევრებს "ჩეჩნეთში ხელს არავინ ჩამოართმევს".

ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის შესახებ შეთანხმებამ, რომელსაც 2018 წლის 26 სექტემბერს იუნუს-ბექ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა მოაწერეს ხელი, ხოლო მოგვიანებით კანონიერად სცნო რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ, 2018-2019 წლებში ინგუშეთში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. ამ მიტინგების საქმეზე რუსეთში რამდენიმე პირია გასამართლებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები