შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა არჩევიდან რამდენიმე საათში დატოვა

25-11-2021 00:04:09 ევროპა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი პოსტზე არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა.

გადადგომის მიზეზი გახდა "მწვანეთა პარტიის" გადაწყვეტილება, გავიდეს კოალიციიდან, ხოლო პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე უარი თქვა.

"არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია მას ტოვებს. არ მსურს, ვხელმძღვანელობდე მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც ეჭვის ქვეშ დადგება", - განაცხადა ანდერსონმა.

პარლამენტის სპიკერი პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებს. შესაძლოა, ანდერსონის კანდიდატურა კვლავ იქნას წარდგენილი, თუმცა ამჯერად უმცირესობის კაბინეტის სახელით, რომელსაც "სოციალ-დემოკრატიული" პარტია ჩამოაყალიბებს.

მაგდალენა ანდერსონის არჩევამდე შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი ლიდერი აქამდე არ ჰყოლია. 54 წლის ანდერსონმა ამ პოსტზე სტეფან ლევენი შეცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები