ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო შრომისუნარიანი მოსახლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესშიც ჩაერთვება

25-11-2021 13:26:58 ეკონომიკა

ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ახალი სოციალური პოლიტიკის მიდგომები განმარტა და აღნიშნა, რომ დამსაქმებელი იქნება როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო.

„კერძო სექტორის მოთხოვნა, რაც არსებობს სამუშაო ძალაზე, საკმაოდ დიდია; მაგალითად, სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში სამუშაოები სეზონურია, მაგრამ საკმაოდ დიდი დისბალანსია მოწოდებასა და მოთხოვნას შორის. ხშირ შემთხვევაში, დასაქმებაზე უარს ამბობენ იმის გამო, რომ სოციალური დახმარების სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შიში აქვთ, ეს კი ახალ პროგრამაში დაზღვეული იქნება და სიტუაცია გაუმჯობესდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზეც ისაუბრა, ვინც ახალი პროგრამის ფარგლებში უნდა დასაქმდეს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებითაც გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორში დამატებითი გადამზადების ნაწილში სახელმწიფო ჩაერთოს სრულად. ის კვალიფიკაცია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდება ელემენტარული სამუშაოებისთვისაც კი, მთლიანად დააფინანსოს სახელმწიფომ და პოტენციურ დასაქმებულებს კვალიფიკაცია ავუმაღლოთ. როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გარკვეული წვრთნა მიიღონ პროფესიულ სასწავლებლებში, რაშიც განათლების სამინისტრო ინტენსიურად ჩაერთვება. სახელმწიფო გაიღებს დამატებით ხარჯებს, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები”, - აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გეგმა მოიაზრებს, რომ ადამიანებს, როგორც კი ექნებათ შრომის გამოცდილება და დაიწყებენ შრომით პროცესში მონაწილეობას, გაუჩნდებათ კიდევ უფრო მეტი სურვილი, ამბიცია, ექნებათ მონდომება, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი კვალიფიციური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანამონაწილე მეც ვარ, სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას. ჩვენ გვჭირდება, რომ ძალიან სწრაფი შედეგები ვაჩვენოთ საზოგადოებას. შედეგები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული ყველა მიმართულებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები