
პუტინმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი გადააყენა
25/11/2021 10:57:09 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე კალაშნიკოვი გადააყენა და მის ნაცვლად შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე არკადი გოსტევი დანიშნა.
კალაშნიკოვი სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსად 2 წლის წინ დაინიშნა, მანამდე ის უშიშროების ფედერალურ სამსახურში მუშაობდა.
საკადრო გადაწყვეტილების მიზეზები კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში მითითებული არ არის.
თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, პროექტ "Gulagu.net"-ის უფლებადამცველები აქტიურად აქვეყნებენ პუბლიკაციებს რუსეთის მთელ რიგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე.
როგორც უფლებადამცველები ირწმუნებიან, მათ ამ მასალების საკმაოდ ვრცელი არქივი ჩაუვარდათ ხელში და მტკიცებულებების გამოქვეყნება გაგრძელდება.
რუსეთის ხელისუფლებამ ამის საფუძველზე სისხლის სამართლის რადენიმე საქმე უკვე აღძრა.
აღსანიშნავია, რომ ცნობები რუსულ საპატიროებში მსგავსი ფაქტების შესახებ გასულ წლებშიც ვრცელდებოდა, იყო ციხის ბუნტის შემთხვევებიც. სისხლის სამართლის საქმეები მაშინაც აღიძრა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო მოხელე დაისაჯა, უმრავლესობა კი დაუსჯელი დარჩა.