შსს–მ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება  სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო, გამოიკითხებიან ენმ–ის წევრები

25-11-2021 16:02:11 ადამიანი და კანონი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ენმ–ის წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

ამასთან, შსს–შ აცხადებენ, რომ გამოიკითხებიან ენმ–ის წევრები:

„საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი“.

ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში აჭარის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის დროინდელ ძალოვანები და რეგიონის ამჟამინდელი ლიდერის თორნიკე რიჟვაძის მამა დაადანაშაულეს.

"მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები [აუდიო], დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე", - განაცხადა კირთაძემ.

ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები