
"ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა" – სარჯველაძე კრიტიკას პასუხობს
25/11/2021 12:10:16 პოლიტიკა
მიუხედავად ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრვი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველი მოწოდებისა, რეფორმების გატარებამზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეწყდეს, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება.
მიწვევა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც, თუმცა პარლამენტში არ მივიდა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეესაბამება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ირწმუნება, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურების ღიაობა.
„მოსამართლეების არჩევის პროცესი აბსოლუტურად ინკლუზიურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველასთვის ღიაა და მართლაც უპრეცედენტოდ ტრანსფარანტული პროცესი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების ღიაობა, რომლითაც განიხილება რეალურად კანდიდატურები. საზოგადოების ყველა წევრს აქვს საშუალება, სრული შთაბეჭდილება შეიქმნას იმის თაობაზე, რომელი კანდიდატი იმსახურებს სასამართლოში განმწესებას და რომელი შეიძლება, არ იმსახურებდეს. მე ვამჯობინებდი, რომ უფრო აქტიური იყოს ჩართულობა ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე დღეს იყო. სასურველია კრიტიკული ხმა აუცილებლად ისმოდეს, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან მოვისმინე ძალიან ზოგადი, უტრირებული შენიშვნა პროცესთან მიმართებით, რაც ჩემი მხრიდან პროცესის გაუმჯობესების ნაწილად ნამდვილად არ იქნება აღქმული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მანამდე ქართული მართლმსაჯულების მიმართ კრიტიკის ფონზე პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ "ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას".