
"ივლისში ტურისტული შემოსავალი $57.8 მლნ-ით შემცირდა"
16/08/2019 07:07:09 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ $374.7 მილიონის შემოსავალი დააგენერირა, რაც $57.8 მილიონით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ტურისტული სექტორი გაიზარდა, ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1%-ით – 570,482 ტურისტამდე გაიზარდა.
ივლისში ტურისტების რაოდენობის ზრდა მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან დაფიქსირდა, თუმცა შემცირდა რუსეთის ფედერაციიდან და რუსეთზე უფრო ირანიდან:ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.