26-11-2021 18:28:00 კონფლიქტები
ოფიციალური თბილისი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში “ვიზიტს” ეხმიანება და აცხაებს, რომ იტალია, ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში იტალიის საელჩოს არაერთხელ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებები, სადაც მკაცრად დაუგმიათ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა უკანონო აქტივობები იტალიის ტერიტორიაზე, - იქნებოდა ეს კერძო ვიზიტები და შეხვედრები, ე.წ. წარმომადგენლობების გახსნა, თუ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის სხვადასხვა პროვოკაციული მცდელობები. იტალიის მთავრობა, ბუნებრივია, გმობს მსგავს დესტრუქციულ პროცესებს და აქტიურად მუშაობს იტალიის სხვადასხვა რეგიონების, მუნიციპალიტეტებისა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე” – განუცხადეს “აქცენტს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული და აქტიური მუშაობის შედეგად საერთაშორისო არენაზე წარმატებულად ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა”.
ამ კონტექსტში საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წელს პირველად, თავად საერთაშორისო სასამართლომ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ შელახვაში.
“ამ ფონზე, რუსეთის ფედერაციას ისღა დარჩენია, რომ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა კერძო „ვიზიტებით“, სხვადასხვა, მათ შორის რუსეთისადმი კეთილგანწყობილ ოდიოზურ პირებთან შეხვედრებით შეეცადოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ერთგვარ ლეგიტიმაციას” – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში იხსენებენ, რომ “საოკუპაციო რეჟიმებს წინა წლებშიც არაერთხელ ჰქონიათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ულტრა-რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან პირადი კომუნიკაცია, რაც აღიარებისა და ლეგიტიმაციის იმიტაციის კომიკურ მცდელობას წარმოადგენს და საერთო არაფერი აქვს ევროპის სახელმწიფოებისა და მთავრობების პოლიტიკურ პოზიციასთან”.
“ცხადია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების უკანონო მცდელობებს და მტკიცედ იდგება საქართველოს გვერდით არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების საქმეში” – დასძენენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
25 ნოემბერს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია "მინისტრ" დიმიტრი მედოევის იტალიის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ.
"რომში ვიზიტის ფარგლებში მედოევი უკვე შეხვდა იტალიელ დეპუტატს პარტია «ალტერნატივადან», კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ პინო კაბრასსა და დეპუტატს პარტია "ლიგიდან", იმავე კომიტეტის წევრ ვიტო კომენჩინის. შეხვედრებზე პარტიათაშორისი და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების პერსპექტივები, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სხვადასხვა ორმხრივი პროექტების, საექსპერტო შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვის პერსპექტივები იქნა განხილული. როგორც დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, სახმრეთ ოსეთი ისწრაფვის თავისი საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და მეგობრული, თანასწორი პარტნიორული საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისაკენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან», – ნათქვამი იყო გავრცელებულ პრეს-რელიზში.
თავად მედოევის განცხადებით, "იტალიის პარლამენტის დეპუტატებს უფლება აქვთ, იცოდნენ სამხრეთ ოსეთის პოზიცია მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მიუხედავად ქართულ-ამერიკული პროპაგანდისა, რომელიც ბერავს მითს ოს ხალხთან მშვიდობისა და ძმური ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილის თაობაზე, რეალურად კი, მუდმივად ბლოკავს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთიდან და რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო პლატფორმებში».
იტალიურ პარლამენტში ამ შეხვედრების ორგანიზატორი გახლდათ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი" მაურო მურჯია.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მედოევი უკვე სტუმრობდა იტალიას ადგილობრივი კომუნისტების მიწვევით.