„ომიკრონის“ შტამი იტალიაში, გერმანიასა და ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

28-11-2021 00:23:45 მსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი სახელწოდებით „ომიკრონი“, რომელსაც 32 მუტაცია აქვს, იტალიაში, გერმანიასა და ბრიტანეთშიც დაფიქსირდა.

„ომიკრონი“ მილანის საავადმყოფოში პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში მოზამბიკიდან დაბრუნდა. იტალიის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებია.

ახალი შტამის გამოვლენის შესახებ გერმანიაც იუწყება. ქვეყანაში დაავადება მიუნხენის აეროპორტში ჩამოსულ ორ პირს დაუდასტურდა.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩელმსფორდსა და ნოტინგჰემში „ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ომიკრონის" გამო ბრიტანეთში შეზღუდვები მკაცრდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სივრცეებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. ყველა პირი, რომელიც ბრიტანეთში ჩავა, ვალდებული იქნება PCR ტესტირება ჩაიტაროს. ამასთან, პირები, რომლებსაც ექნებათ კონტაქტი კოვიდ–ინფიცირებულ მოქალაქეებთან, მიუხედავად იმისა აცრილები არიან თუ არა, ვალდებულნი არიან 10–დღიანი თვითიზოლაციას გაივლიან.

32 მუტაციის მქონე ახალი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, გუშინ ისრაელსა და ბელგიაშიც გამოვლინდა. მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარინტი შესაძლოა, უფრო მეტად გავრცელებადი იყოს და უკვე არსებულმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებმა შესაძლოა, მის წინააღმდეგ ეფექტურად აღარ იმუშაოს.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გუშინ დახურეს საზღვრები მოგზაურთათვის აფრიკის რეგიონის შვიდი ქვეყნიდან. ესენია: ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და ზიმბაბვე.

ცნობისთვის: 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები