
გვარამია – პოლიციის მობილიზებაზე: "არც ივანიშვილი იქნება რიგითი პატიმარი"
29/11/2021 06:49:28 სამართალი
პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება.
ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.
უცნობია, შეძლებენ თუ არა სასამართლო პროცესზე დასწრებას ჟურნალისტებიც.
„გაგიკვირდებათ და მე გეტყვით, რომ სახელმწიფო იღებს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცალოთ, როგორც თვლის საჭიროდ, ის ღონისძიებები გაატაროს“,– ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში:
"სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა. ასევე ძალიან კარგია, რომ ამას ჩვენ ვხედავთ. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. ეს, რაც ხდება, არ მიმაჩნია დარღვევად. კარგია, რომ ვხედავთო, ამას რომ ვამბობ, ნიშნავს იმას, რომ კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, რადგან ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იქნება.რიგით პატიმრებზე ეს ხდება? არც ბიძინა ივანიშვილი იქნება რიგითი პატიმარი. ის სააკაშვილისგან განსხვავებით სამართლიანი სასამართლოს უფლებას მიიღებს“,– განაცხადა გვარამიამ.
სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს პირვლად ესწრება.