მედია: გერმანია ითხოვს, "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესონ

29-11-2021 13:47:15 ევროპა

გერმანიის მთავრობამ აშშ-ის კონგრესს მიმართა თხოვნით, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, - იუწყება გამოცემა Axios და აქვეყნებს შესაბამის კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომელიც, მისი ინფორმაციით, აშშ-ში გერმანიის საელჩომ კონგრესს 19 ნოემბერს გაუგზავნა.

თავად გერმანიის მთავრობამ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა პასუხისმგებლობით ეკიდება აშშ-სთან ივლისში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ მოქმედი კონტრაქტის 10 წლით გახანგრძლივების თაობაზე და ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება არ იქნება საფრთხე უკრაინისთვის, თუ მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტი შენარჩუნდება.

ბერლინი ირწმუნება, რომ აშშ-ის ნებისმიერი სანქციები მისი მოკავშირეების მიმართ "პუტინის გამარჯვება იქნება და საფრთხეს შეუქმნის გერმანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის - უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, რაც, თავის მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ტრანსატლანტიკურ ერთობას".

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ "გაზის ამჟამინდელ გაძვირებაში მხოლოდ რუსეთის დადანაშაულება არასწორია".

ბერლინი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის პოლიტიკურ მიზნებში გამოყენებას ეცდება, გერმანიას გააჩნია მთელი რიგი ინსტრუმენტები მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოქვეყნებული დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადეს, რომ გერმანიასთან სამოკავშირეო ურთიერთობების შენარჩუნება და უკრაინის ინტერესების დაცვა არ წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს და ვაშინგტონი აპირებს, ორივე მიზანს "ყველაზე ეფექტური გზებით" მიაღწიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები