Accentnews.ge
"ნოვოროსია" მანდარინის სურნელით: საით მიაქანებენ აფხაზეთს

"ნოვოროსია" მანდარინის სურნელით: საით მიაქანებენ აფხაზეთს

29/11/2021 16:48:08 კონფლიქტები

რუსეთის მიერ მისი “საინტეგრაციო პროცესების” ენერგიული ლობირების ფონზე სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში საგრძნობლად მომრავლდა ანონიმი ავტორების პუბლიკაციები, რომელთაგან ერთ-ერთი მინდა, დღეს მკითხველს უცვლელად წარვუდგინო. ეს ერთგვარი გამოხმაურებაა “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას ამასწინანდელ განცხადებაზე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის კუთხით მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების “აუცილებლობის” შესახებ:

“აფხაზეთის პრეზიდენტი შექებას იმსახურებს. ეს მისთვის ადვილი ნაბიჯი არ იყო, რაც რუსეთსაც ესმის. მაგრამ ეს საკმარისი არაა. უპირველესად, ერთია – თქვა, მეორე - გააკეთო. ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით აფხაზი მმართველების ეს “ცოდვა”, ამდენად, ჯერ უნდა დაველოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას და ყურადღებით წავიკითხოთ, რა ეწერება მასში. სულაც არაა გამორიცხული, პირობები, რომლებსაც ჩვენს რესპუბლიკაში უძრავი ქონების შეძენის მსურველ რუსებს დაუწესებენ, აღმოჩნდეს მიუღებელი ან სულაც ვერშესრულებადი. მეორეც, რუსეთს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს აფხაზეთის მთავრობაში – ეს კრედიტების გამოყოფის პირობად უნდა იქცეს. ეს არ უნდა იყოს ფინანსური დახმარება. ეს უნდა იყოს კრედიტები, რომლებიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პირობით გამოიყოფა – სხვა შემთხვევაში მუდმივ ვალში ვიქნებით მოსკოვის წინაშე. რუსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შორის კი, უპირველესად, პორტები, აეროდრომები, გზები, გენერაციისა და სხვა ობიექტები შედის. მესამეც, აფხაზეთი ვალდებულია, შექმნას შესაბამისი პირობები რუსული არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობისთვის, რომლებიც იმუშავებენ საზოგადოებასთან, მედიასთან, დამოუკიდებელ ბლოგერებთან. ამასთან, ეს ორგანიზაციები ყოველმხრივ დაცულები და ხელშეუხებლები უნდა იყვნენ გავლენის მქონე ნებისმიერი ჯგუფისაგან. თუ ყველაფერი ჩამოთვლილი აღსრულდება, აფხაზეთს კვლავ დაუდგება ოქროს ხანა. ახალგაზრდა მანდარინი მომწიფებას ვერ მოასწრებს – და აფხაზები უკვე იგრძნობენ დადებით ძვრებს თავის ყოფა-ცხოვრებაში. საზღვარს იქით მსხდომ ქართველებს კი აღარაფერი დარჩებათ, გარდა იმისა, რომ შურით სკდებოდნენ ამ საოცარ ქვეყანაში შექმნილი სამოთხის შემხედვარე”.

მსგავსი ოპუსების ავტორები იმავე საინფორმაციო ფაბრიკების მშრომელები არიან, რომლებიც თავის დროზე პუტინის ცნობილ პროექტზე #ყირიმიჩვენია (#Крымнаш) მუშაობდნენ. თუ წინა ეტაპებზე მათ მიზანს თავად რუსეთის მოსახლეობის “ტვინების დამუშავება” წარმოადგენდა, ახლა მათი სამიზნე პუტინის პროექტ “ნოვოროსიის” პოტენციური წევრების, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობის ტვინებია. და აი, საინფორმაციო ველში უკვე აგორებულია მძლავრი ტალღა მსგავსი პუბლიკაციებისა, რომელთა ავტორები “რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის აუცილებლობის” შესახებ გაჰკივიან.

ავტორები ამ “მწვავე აუცილებლობას” იმით “ხსნიან”, რომ “მოსკოვი სოხუმში ტონობით ფულს გზავნის, სანაცვლოდ კი მხოლოდ კრიმინალს, დაუფასებლობას, უპატივცემულობასა და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხების გადაჭრის არსურვილს იღებს”. მოსკოვისთვის “მნიშვნელოვან საკითხებში” იგულისხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური “მოქალაქეობის” მინიჭება, რუსებისთვის უძრავი ქონებისა და სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმება და არაერთი სხვა რამ, რაც რუსული დირექტივების 45-პუნქტიან პროგრამაშია გაწერილი “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად რუსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობების ჰარმონიზების თაობაზე”.

შესაძლებელია თუ არა, საინფორმაციო ფაბრიკების მშრომელთა მსგავსი საქმიანობა “თანასწორუფლებიან” სოხუმსა და მოსკოვს შორის “მეგობრული, ძმური, სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე” იყოს მიმართული? თუ ამ პუბლიკაციების ტონითა და შინაარსით ვიმსჯელებთ – ნაკლებად. მათში ხომ სრულადაა უგულებელყოფილი ისეთი “უმნიშვნელო” ფაქტორები, როგორიცაა აფხაზების ეროვნული ღირსება და თავად აფხაზეთის “სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა”, რომელთათვისაც თავის დროზე, 1990-იანებში სისხლი დაიღვარა და რომლებიც, ამ ოპუსების ავტორებისგან განსხვავებით, აფხაზებისთვის ლიტონ სიტყვებს არ წარმოადგენს.

რა გასაკვირია, რომ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების რეაქცია მსგავს პუბლიკაციებზე მკვეთრად ნეგატიურია. მოვიყვან ერთ-ერთ ტიპურ საპასუხო კომენტარს:

“ჩნდება კითხვა: ამ ოპუსების ავტორები ამას საკუთარი სისულელით წერენ, თუ გამიზნულად? და თუ გამიზნულად, ამ საინფორმაციო კამპანიის მესვეურებს ვურჩევ, დაოკდნენ! ხშირად ხომ “პიარშიკების” პროგნოზები არ მართლდება და მერე მათ მიერ დანთებული ცეცხლის ჩაქრობა ადვილი ნამდვილად არ იქნება!”.

დაახლოებით ასევე რეაგირებს აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების უმრავლესობა ანალოგიური ტონისა და შინაარსის პუბლიკაციებზე რუსულ მედიაში. მაშასადამე, აფხაზეთის მოსახლეობის “ტვინების დამუშავების” კუთხით სერიოზულ საფრთხედ ვერც ეს პუბლიკაციები ჩაითვლება. გაცილებით ცუდია, რომ თავად აფხაზეთშიც გამოჩნდნენ ავტორები, თანაც ოფიციალურები და არა ანონიმები, რომლებიც კრემლის ზუსტად იმავე იდეებს პროპაგანდირებენ, მაგრამ აფხაზური საზოგადოებისთვის ნაკებად მტკივნეული, ერთვარად ვუალირებული ფორმით. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მკითხველი, რომ პუტინის “საინტეგრაციო პროექტების” საშუალებით რუსეთთან ინკორპორაცია აფხაზეთს როგორც “ეკონომიკურ აყვავებასა და უსაფრთხოების გარანტიებს, ისე ფართო საერთაშორისო აღიარებას” უქადის. არადა, პუტინის უკვე აღსრულებული პროექტების – “ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა” და “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” მაგალითებზე ყველა მშვენივრად ვხედავთ, რომ ეს დამაიმედებელი პროგნოზები მხოლოდ ზღაპარია და სხვა არაფერი.

ხოლო თუ ვინმეს ზღაპრების კიდევ სჯერა, ვთავაზობ, ისინი ფაქტებს შეუპირისპიროს. გავიხსენოთ, რა იყო გაცხადებული “ევრაზიული ეკონომიკური კავშირის” ჩამოყალიბების ძირითად მიზნად – პოსტსაბჭოთა სივრცის რეინდუსტრიალიზაცია. მოხდა კი ეს რეინდუსტრიალიზაცია პუტინის ამ პროექტის რეალიზების შედეგად? - არა! მის ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ სსრკ-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ეკონომიკისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებზე კი ამ კავშირის წევრობა დადებითად დიდად არაფრით ასახულა. ან როგორ უნდა ასახულიყო, როცა ამ კავშირის სივრცეში მოქმედებს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ცალსახად განაპირობებს რუსეთის ჰეგემონიას?!

“უსაფრთხოების გარანტირებულობის” კუთხით საკმარისია, გავიხსენოთ “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა” და მისი მონაწილე სომხეთის მაგალითი: ვინმეს გაუგია ამ ორგანიზაციის მხრიდან ერევნის მხარდამჭერი თუნდაც ერთი განცხადება, მათ შორის – ყარაბაღის მეორე ომის დროს, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მიმდინარეობდა? - არა! სამაგიეროდ გაგვიგია სომხეთის უკვე არაერთი წარმომადგენლის განცხადებები, “რუსეთმა სომხეთს უღალატაო”. სულ ახლახანს “რუსეთის ღალატის” შესახებ განცხადებები ერევანში გამართულ მრავალათასიან მიტინგზეც ისმოდა და დემონსტრანტების პლაკატებზეც ფიგურირებდა.

რაც შეეხება მესამე “ზღაპარს” – “ფართო საერთაშორისო აღიარების” შესახებ, თუ პუტინის მორიგი საინტეგრაციო ერთობის პოტენციურ წევრთა მოსკოვურ სიას გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ აღიარების კუთხით სოხუმი დიდს არაფერს უნდა ელოდოს. კრემლის გათვლით ხომ “სამოკავშირეო სახელმწიფოში”, იგივე “ნოვოროსიაში”, იგივე “სსრკ-2”-ში, ან, გნებავთ, “რუსულ სამყაროში” რუსეთსა და ბელარუსთან ერთად, უნდა შევიდნენ ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკები”, დნესტრისპირეთი, ასევე “შესაძლოა, სომხეთი და საქართველოც”. დავიწყოთ იმით, რომ უკრაინასა და საქართველოს ამ გაერთიანებაში ძალით თუ შეიყვან და ასევე ძალით თუ აღიარებინებ აფხაზეთის “სახელმწიფოებრიობას”. პრაქტიკულად იგივე ითქმის სომხეთზეც, მის მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელი “პარტნიორული ზრუნვის” მიუხედავად. ბელარუსი, რომლის ლიდერი ლუკაშენკო ცნობილი გარემოებების გამო იძულებული შეიქმნა, მოსკოვთან დაახლოებაზე წასულიყო და პუტინის ახალ “კავშირში” გაწევრიანებაზე აეღო გეზი, აფხაზეთის აღიარებას ჯერ-ჯერობით ასევე არ ჩქარობს. ვინღა რჩება კრემლის მიერ მომზადებული სიიდან – არაღიარებულები/ნაწილობრივ აღიარებულები? და უღირს კი აფხაზეთს, მათი მხრიდან აღიარებას საკუთარი “სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა” შესწიროს?! მით უფრო, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს აფხაზეთისადმი მიდგომას ეს არანაირად არ შეცვლის და არც თავად ამ ახალი “კავშირის” ლეგიტიმურობის აღიარებას აპირებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რაც უკვა ოფიციალურად გამოცხადდა.

ხოლო თუ ვინმე მოელის, რომ მსავს კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთში რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება კანონის უზენაესობის კუთხით, ეს იმედები დიდი გულუბრყვილობაა. იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენენ სადღეისოდ რუსეთისა და ბელარუსის მოქმედი მმართველი რეჟიმები, მათი თაოსნობით ჩამოყალიბებული ნებისმიერი კავშირი სხვა არაფერი იქნება, თუ არა არადემოკრატიული მონაწილეების კლუბი – კორუფციით, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვით, ყველა სხვა ჩვეული ნიშნითა და რუსეთის სახით ისევ და ისევ ერთი ძალისმიერი ცენტრით. ამდენად, ვინც მსგავს კავშირში გაერთიანებაზე ფიქრობს, დემოკრატიულ განვითარებაზე და ნათელ მომავალზე ოცნება უნდა დაივიწყოს.

არა მგონია, ყოველივე ზემოთთქმული უცნობი იყოს აფხაზი ლიდერისთვის. მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანიამ რუსეთს მასთან ინკორპორაციაზე თანხმობა უკვე მისცა და ეს მოსახლეობასაც გამოუცხადა, ერთგვარი მობოდიშების სახით კი დაამატა, “ყოფა გვაიძულებსო”.

და ყოფა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ბოლო დროს რუსეთის დიდი “ძმური” მონდონებით შეუქმნეს, აფხაზეთს უკვე აიძულებს, თანაც ყველა მხრიდან ერთდროულად: სახეზეა პანდემიის ფონზე რუსული სამედიცინო ბლოკადაც, ენერგოკრიზისიც, რომელიც ბევრის აზრით, ხელოვნურადაა შექმნილი, მის ფონზე კი – მორიგი, ახლა უკვე 3 მლრდ რუბლის ოდენობის ვალი, რომლის დაბრუნებას მოსკოვი სოხუმს უკვე სთხოვს, თანაც პროცენტებითურთ; საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვანი დაგვიანებაც და თავად ამ თანხების განსაზღვრულზე ბევრად ნაკლები ოდენობით მიწოდებაც; რუსეთთან “საზღვარზე” აფხაზებისთვის შექმნილი გაუსაძლისი პირობებიც; შიდა საქმეებში უხეში ჩარევაც; სამხედრო წარმოდგენილობის მნიშვნელოვანი ზრდაც და ბევრი სხვა რამეც. და ეს ყველაფერი რის გამო? - აფხაზური “პარლამენტის” ფაქტობრივი უარის გამო, მოსკოვის სურვილები შეასრულოს. “პრეზიდენტ” ბჟანიას მიერ ხელმოწერის შემდეგ ხომ უკვე წელიწადია გასული, კრემლის 45-პუნქტიანი გეგმა კი ამ დრომდე აფხაზურ “პარლამენტში” იმტვერება.

ბოლო "სასიქადულო" მოვლენა სერიიდან "ყოფა გვაიძულებს" სულ ახლახანს მოხდა. გახსოვთ სტატიის დასაწყისში მოყვანილი ინტერნეტ-პოსტი მასში მოცემული მოსაზრებით იმის შესახებ, რომ “რუსეთს აფხაზეთის მთავრობაში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს”? ჰოდა, ეს წარმომადგენელიც უკვე სახეზეა კრემლის “კადრის”, საგარეო საქმეთა “მინისტრად” დანიშნული ინალ არძინბას სახით. მაშასადამე, აფხაზეთისთვის უკვე ნაბრძანებია, “ნოვოროსიისკენ” ნაბიჯით იარ!”.

მათ, ვინც წინააღმდეგას გასწევს, კარგი დღე არ ელის – “სტრატეგიულ მეგობარს” ხომ არც უარი უყვარს, არც ლოდინი. და რამდენად გაუძლებს აფხაზი ხალხი – მომავალი გვიჩვენებს.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S