
ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან
30/11/2021 07:33:53 სამართალი
აქტივისტ ბესიკ თამლიანს ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. პოლიციამ იგი 29 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავა.
თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვას ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, წინასწარი დაკავების რომელ იზოლატორშია თამლიანი დაკავების შემდეგ გადაყვანილი, უცნობია ისიც, როდის იმსჯელებს სასამართლო მის საქმეზე.
ბესიკ თამლიანი დაკავებამდე საქალაქო სასამართლოსთან, მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.
თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამლიანი 55 ნომერი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიაში.
29 ნოემბერს პოლიციამ საქალაქო სასამართლოსთან სულ 15 პირი დააკავა, მათ შორის გიგი უგულავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით თამლიანის გარდა ყველა მათგანს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღევა ედება ბრალად.