
ლუკაშენკომ ყირიმი რუსულად აღიარა
30/11/2021 15:20:07 მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ყირიმი "იურიდიულად და ფაქტობრივად რუსეთის ტერიტორიაა". ბელარუსის ლიდერის სიტყვები სააგენტო БелТА-ს მოჰყავს.
"ყირიმი დე-ფაქტო და დე-იურე რუსული გახდა რეფერენდუმის შემდეგ" - განაცხადა ლუკაშენკომ, თუმცა ფორმალიზდება თუ არა ეს მისი გადაწყვეტილება - არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, იგი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ყირიმში ვიზიტის შესახებ შეუთანხმდა.
ცნობისთვის: რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში ალექსანდრე ლუკაშენკო, რომლის მმართველობის ლეგიტიმურობას უკანასკნელი ბელორუსული არჩევნებისა და შემდგომ მისი ხელისუფლების მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების გამო მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ აღიარებს, აცხადებდა, რომ "ყირიმს რუსულად მას შემდეგ აღიარებდა, რაც უკანასკნელი რუსი ოლიგარქიც კი დაიწყებდა ნახევარკუნძულზე საკუთარი პროდუქციის მიწოდებას". საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო ყირიმში ამ დრომდე არ არიან წარმოდგენილები რუსული ფედერალური კომპანიები.
კიდევ უფრო ადრე ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ ყირიმის ანექსიის აღიარებისგან მას უკრაინის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოსთან მიღწეული შეთანხმებები და ასევე საერთაშორისო სანქციების შიში აკავებდა.
თუმცა უკრაინის ახალ ხელმძღვანელობასთან მისი ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებამ, ცივილიზებული მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დაგმო ბელარუსში ჩატარებული არჩევნები, ასევე ადამიანის უფლებათა უხეშად შემლახველი ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ამის შემდეგ გადადგა და მიუერთდა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.