ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მისი შვილის მკვლელობის საქმის ფიგურანტები

30-11-2021 21:58:52 სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მკვლელობის საქმის ფიგურანტები. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

„მათ მთელი ცხოვრება ისიც ეყოფათ, რაც ჩაიდინეს. მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო. განა ის ბავშვები და იმათი მშობლები არ მეცოდება?! მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი ეს, ვინც სიმართლეს იტყვის, ყველა გამოუშვან. კალანდიაც გამოუშვან. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე“,– განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მან განაცხადა ისიც, რომ არ აპატიებს მათ, ვინც საქმე "გააფუჭა". საუბარია სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე. სარალიძე გამოძიების არაკეთილსინდისიერად წარმართვაში საქმის გამომძიებლებს და პროკურორებს იმთავითვე ადანაშაულებდა. მისი პოზიცია ვაჟის მკვლელობიდან 4 წლის თავზე უცვლელია.

„საქმის "გამფუჭებლებმა" პასუხი უნდა აგონ, რომ ზაზა სარალიძისნაირი მეორე აღარ იყოს საქართველოში“,– განაცხადა შვილმოკლულმა მამამ.

სარალიძემ აღნიშნა, რომ ამიერიდან პროკურორებსა თუ გამომძიებლებს ჩვენებას სასამართლოში მისცემს, რადგან აქვს შთაბეჭდილება, რომ ისინი პოლიტიკით არიან დაინტერესებულნი და მისი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოყენება სურთ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი გ.ბ. 2 დეკემბერს დააკავა. კიდევ ერთი მოზარდი, გ.ჯ პოლიციას მკვლელობიდან მეოთხე დღეს, თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ დეკემბრის პირველ დღეებში, 150-მდე ადამიანიდან, გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა. საბოლოოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, გამოძიებამ ბრალი წაუყენა ორ არასრულწლოვანს და სამ მშობელს. მათგან ერთ-ერთი იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია. სამივე მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის აგვისტოში აღკვეთის ზომა - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

31 მაისს, თითქმის ოთხთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ხორავას ქუჩის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ გ.ბ დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ განაჩენის შესაბამისად, უცნობი დარჩა ვინ მოკლა დავით სარალიძე.

სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას თბილისში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობა არა, მაგრამ პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.

2018 წლის 7 ივნისს, მუშაობა დაიწყო ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კომისიას სათავეში ჩაუდგა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

17 წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმცირესობიდან მუშაობდა: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. უმრავლესობიდან კი არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" კომისიის წევრი იყო ადა მარშანია. საგამოძიებო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მოკლული მოზარდების მშობლების, საქმის პროკურორის, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა, რომლის თანახმადაც, უნდა დაწყებულიყო გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც არ იყო გამოძიებული და ასევე, უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც, კომისიის განცხადებით, იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიება ამ კუთხით არ მუშაობდა.

კომისიის მუშაობის პროცესს დაემთხვა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის დ.ღ-ს დაკავება. მას 2018 წლის ივლისში ბრალად წარედგინა ცრუ ჩვენების მიცემა. 2019 წლის 22 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და პატიმრობის ვადად 2 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საბოლოო დასკვნა 2018 წლის 5 სექტემბერს, 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც არ იზიარებდა და პოლიტიზებულად მიიჩნევდა მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ და მათ 5 სექტემბერს სხდომაზე დასკვნის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული 78 გვერდიანი დასკვნისა და რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას მიმართ.

ამავე დასკვნის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებს. ასევე, კომისია ითხოვდა დაწყებულიყო გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე. ერთ-ერთ რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ მიერ დაწერილ დასკვნას, მასში მითითებული იყო, რომ მაგალითად, გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი; მირზა სუბელიანის, მისი შვილის, ცოლის დისა და მისი შვილის მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არ გაიჩხრიკა მიხეილ კალანდიას სახლი; გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის, ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა; არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა; საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით და სხვა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენი და მსჯავრდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მომდევნო დღეს, 4 ივნისს, შსს-მ დააკავა მიხეილ კალანდია. მას ბრალად ედება დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები