
რუსეთი უკრაინის საზღვართან რეგულარული წვრთნების დაწყების შესახებ იუწყება
01/12/2021 09:16:13 მსოფლიო
რუსეთი უკრაინის საზღვართან რეგულარული წვრთნების დაწყების შესახებ იუწყება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ზამთრის რეგულარული წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ასევე ყირიმში გაიმართება.
"პოლიგონებზე გადაყვანილია 10 000 ჯარისკაცი. წვრთნები, რომელშიც მოტორიზებული ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ, ჩატარდება 30-ზე მეტ საწვრთნელ მოედანზე, სულ მცირე, ექვს სხვადასხვა რეგიონში", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას არ გამორიცხავს. მოსკოვმა იერიში შეიძლება, დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან, – აცხადებენ Bloomberg-ს წყაროები. ვარაუდობენ, რომ იერიშში მონაწილეობას მიიღებს 100 ჯგუფი, საერთო ჯამში 100 000–მდე ჯარისკაცი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის შესახებ ოფიციალური კიევიც აცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ინტერვენცია შეიძლება, 2022 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყოს.
ინტერვენციის საფრთხის გარდა, დასავლეთის მედიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი შეიძლება, შეეცადოს, ქვეყანაში დათესოს ქაოსი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის ხელმძღვანელობის პრორუსულით შეცვლა მოჰყვეს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“. ამასთან რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს "დონბასში ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან ფაქტობრივ გასვლაში" და ქვეყანაში ნატო–ს სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებას უწოდებს „წითელ ხაზს“, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება".