
აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორი: "დღეს რუსეთი კავკასიაში ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს"
16/08/2019 14:21:57 კავკასია, კონფლიქტები, თვალსაზრისი, კომენტარი
აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორის, ლეიტენანტ რობერტ ჰამილტონის დაკვირვებით, სადღეისოდ რუსეთი კავკასიაში ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს წარსულში. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ჰამილტონი აღნიშნავს, რუსეთი ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, ქვეყნის მთავრობა კი არადემოკრატიულად წარმოაჩინოს და როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ ამგვარი შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ.
ის ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შეახსენებს, რომ მათი შეუთავსებლობა საქართველოსა და რუსეთის შეუთავსებლობასთან შედარებით ბევრად მცირეა.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის ისეთი ნაბიჯების გატარება, რომლებიც რომელიმე ერთი მხარის მოკლევადიან ინტერესებს ემსახურება და სინამდვილეში, რუსულ ნარატივს ეხმარება. ამიტომაც, ოპოზიციას და მთავრობას უნდა ახსოვდეთ, რომ ერთმანეთთან განსხვავები ბევრად პატარაა, საქართველო-რუსეთის განსხვავებებთან შედარებით“, - განაცხადა ჰამილტონმა.
კითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო პოზიციონირება საქართველოში დღეს საკმაოდ ძლიერია, ვიდრე წარსულში, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიის რომელიმე მონაკვეთში:
„რამდენიმე ათასი ჯარისკაცის პირობებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ისევე, როგორც სომხეთში, გიუმრის ბაზაზე, რუსეთის სამხედრო უპირატესობა ახლა უფრო თვალსაჩინო და საშიშია სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ეს 2008 წლის ომამდე იყო. თუმცა ძალის უფრო რბილი გამოხატულებით, რუსეთის სტატუსი საქართველოში ჩამოშლას აგრძელებს. საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვას, ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე მოკლევადიანი შედეგი აქვს და მას რთულად წარმოსადგენია, რომ გრძელვადიანი გავლენა მოჰყვეს.
მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე პერიოდულ აკრძალვას ყველასათვის დასანახი პოლიტიკური მიზეზები აქვს, რამაც ქართულ ეკონომიკას ზრდაში ხელი ვერ შეუშალა. პირიქით, კრემლის ეკონომიკურმა წნეხმა საქართველოს სტიმული მისცა რუსეთისგან, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორისგან და ტურიზმით შემოსული შემოსავლის მომტანი მთავარი წყაროსგან, თავი დაეხსნა. ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ეკონომიკურ საფუძველზე გააგრძელოს არსებობა. ეს უკვე ასეც ხდება - 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტმა ევროკავშირში რუსეთში გატანილ ექსპორტს გაუსწრო $164 მილიონი დოლარით. და ბოლოს, რუსეთის აგრესიული მოქმედება იმ ფაქტზე კონცენტრაციის საშუალებას არ იძლევა, რომ ეს ორი ქვეყანა ისტორიულად კავშირებს ინარჩუნებდა კულტურის დარგში, ან რელიგიური კუთხით.
ისე, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები, თავად მოსკოვის მოქმედებებმა მისი გავლენა შეასუსტა კავკასიაში. კრემლი ახლა დგას იმ ფაქტის წინაშე, როცა სამხედრო ძალა მისი ერთადერთი ინსტრუმენტია საქართველოში და რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაუმორჩილებლობას გამოიწვევს თავად საქართველოში და საპასუხო რეაქციას დასავლეთში, რაც კიდევ უფრო შელახავს რუსეთის პოზიციას მსოფლიოში“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021