
აფხაზეთის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ილაშქრებს
01/12/2021 14:00:57 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოყალიბებულმა "ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ" რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გაილაშქრა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში საბჭო მკაცრად აკრიტიკებს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, რომელმაც კრემლის ზეწოლის შედეგად ბოლო პერიოდში კურსი შეცვალა და აქტიურად ლობირებს რუსული დირექტივების 45-პუნქტიანი დოკუმენტის - "კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის" აღსრულებას.
"აქცენტი" ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს განცხადების სრული ტექსტის თარგმანს გთავაზობთ:
«აფხაზეთის მოქალაქეებო! ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 22 ნოემბერს სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენციასთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: "ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა და ამაში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვენ ის არსობრივად, უკვე დავთმეთ: საგარეო პოლიტიკის საკითხები, რუბლის ზონა… ბევრი რამ უკვე გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც, გასაკეთებელია კიდევ მეტი… მე ამაში მხოლოდ პლუსებს ვხედავ, რადგან ჩვენთვის სადღეისოდ ძვირი, მიუღწეველი სიამოვნებაა, თავად ვინახავდეთ თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს…».
ვთვლით, რომ ეს განცხადება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მთელს უახლეს ისტორიას. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით მკრეხელურად ჟღერს ამჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც 2014 წლის 24 ნოემბერს ოპოზიციონერი ლიდერის რანგში ფსოუზე გამავალ სახელმწიფო საზღვარზე პიკეტებს მართავდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ. ამავე დროს, მსგავსი განცხადებები დამოუკიდებლობისთვის აფხაზეთის მთელს ბრძოლას ანულებს და ეჭვქვეშ აყენებს გამარჯვების შედეგებს. ჩვენი მეგობრები იმისთვის არ დაღუპულან, რომ დღეს ხალხი, რომელსაც არ უბრძოლია, ახორციელებდეს "საინტეგრაციო პროცესებს" ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან.
რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობრული სახელმწიფო. მას გააჩნია საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები და ამაში ჩვენს პარტნიორს მხარს ვუჭერთ. მაგრამ არ ვთვლით, რომ რუსეთს ესაჭიროება ჩვენი სუვერენიტეტი საკუთარის დასაცავად. და ყოველგვარი ინტერაცია (ინტეგრაცია კი ცალკეული ნაწილების გაერთიანებას ნიშნავს) გამორიცხულია.
აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამისთვის თავი დადეს ჩვენმა დებმა და ძმებმა. ჩვენ გვახსოვს ომი, გვახსოვს ეკონომიკური ბლოკადის პერიოდი, რუსეთის მიერ აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება… და რა "სუვერენიტეტის განაწილებაზე" შეიძლება, მიდიოდეს დღეს საუბარი?! პრეზიდენტი სერიოზულად თვლის, ეს ეს შესაძლებელია?! აქ უკვე საუბარი გვიწევს ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს გაყიდვაზე!
მსგავსი გარიგება ხელსაყრელია მოქმედი ხელისუფლებისთვის და მისი განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რამდენად ფეხებზე ჰკიდია მას ქვეყანაც და ხალხიც. ასლან ბჟანიას არ დაუცვია აფხაზეთი ომში და დღეს მზადაა, იგი მტერს თუ არა, პარტნიორს დაუთოს. ჩვენთვის მეტისმეტად მძიმე იყო ომიც და შემდგომი წლებიც, რომ დღეს მოქალაქეს, რომელიც პრეზიდენი გახდა, შესაძლებლობა მიეცეს, თავისუფლებისთვის ჩვეს ბრძოლასა და დამოუკიდებლობას ხაზი გადაუსვას! არ მივცემთ არც ერთ პოლიტიკოსს უფლებას, ივაჭროს ჩვენი ქვეყნითა და ხალხით!
მსგავსი განცხადებები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, ხოლო მსგავსი პრეზიდენტები პრეზიდენტობის ღირსები არ არიან».