
რატომ აითვალწუნეს აფხაზებმა ინალ არძინბა და მის უკან მდგომი რუსეთი
01/12/2021 18:41:10 კონფლიქტები
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის — ინალ არძინბას დანიშნვის შემდეგ რესპუბლიკაში სულ უფრო ხშირად ახსენებენ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რომელში «ნებაყოფლობით» გაწევრიანებაც აფხაზეთს კულუარულად უკვე არაერთხელ შესთავაზეს.
თუ ვინმესთვის უცნობია, ძირითადი შეთანხმება საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის ხალხების დემოკრატიულ სამართლებრივ კავშირში გაერთიანების პროცესში ახალ ეტაპად უნდა ქცეულიყო, ჯერ კიდევ 1999 წელს მოსკოვში ელცინმა და ლუკაშენკომ გააფორმეს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მოსკოვსა და მინსკს შორის არაერთ სხვა დოკუმენტსაც მოეწერა ხელი, თუმცა საკავშირო სახელმწიფო ვერა და ვერ ამოქმედდა. ყველა მცდელობა, რაღაც დონეზე მაინც მოეხდინათ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო გაერთიანების რეანიმირება შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული, საბაზრო და კულტურული სივრცეების ორგანიზებით, ფუჭი აღმოჩნდა.
ასე იყო მიმდინარე წლამდე, როცა ბელარუსის ირგვლივ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. 8 ნოემბერს, სახალხო ერთობის დღეს რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა ონლაინ-რეჟიმში გამართეს საკავშირო სახელმწიფოს უზენაესი საბჭოს სხდომა, რომელზეც ხელი მოაწერეს დეკრეტს 28 საინტეგრაციო პროგრამის შესახებ, ასევე სამხედრო დოქტრინასა და სამიგრაციო პოლიტიკის კონცეფციას. ეს დოკუმენტები, ხელმომწერთა ვერსიით, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო სფეროებში ინტეგრაციის განვითარება-გაღრმავებაზეა მიმართული.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს აფხაზეთთან? უშუალო! იმ სხდომიდან 10 დღეში აფხაზეთის საგარეო უწყებას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა და სათავეში ედგა დეპარტამენტს, რომელიც უკრაინას კურირებდა. დამთხვევაა? - არა მგონია.
იმ წლებში ინალ არძინბა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩინოსანთან, «კრემლის რუხ კარდინალად» წოდებულ ვლადისლავ სურკოვთან თანამშრომლობით ყველა ხერხითა და მეთოდით ლობირებდა რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას, თუმცა რესპუბლიკის მაცხოვრებლებმა ამ სწრაფვაში მხარი არ დაუჭირეს, მიუხედავად არძინბას ყველა მცდელობისა, «დამუშავებული» ახალგაზრდობის გამოყენებით უფროს თაობაზე მოეხდინა ზეგავლენა.
«დიახ, ის აფხაზია წარმოშობით, თანაც საკმაოდ ცნობილი, პატივცემული ოჯახიდან. მაგრამ თავისი 30 წლის განმავლობაში უკვე იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ოჯახსა და სანათესავოს წამდაუწუმ უწევდა მის მიერ შექმნილი პრობლემების ყველა შესაძლო ხერხითა და საშუალებით მოგვარება. არსობრივად, ინალ არძინბას გამოცდილება მხოლოდ ერთ რამეში აქვს – ინტრიგებში ვითარების კრემლისთვის საჭირო კალაპოტში სამართავად. მან ხომ ეს პირადად სურკოვისგან ისწავლა. ამდენად, რწმენა იმისა, რომ ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, არ გვაქვს», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე მიხეილი.
«ყველაფერი ნათელია: როგორც კი რუსეთი და ბელარუსი გააქტიურდნენ საკავშირო სახელმწიფოს კუთხით, ინალ არძინბა სასწაულებრივად აღმოჩნდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელში. ცხადია, რომ მისი მთავარი მიზანი არა აფხაზეთის კეთილდღეობა, არამედ მოსკოვის ზრახვების რეალიზებაა. მალე, როგორც ჩანს, ბევრი რამ მოხდება, რაც საბოლოოდ ან პირდაპირ რუსეთის, ან ამ გაურკვეველი საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შეგვიყვანს», - დარწმუნებულია ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი მანანა.
რატომ ეშინია აფხაზეთს ასე ძალიან საკავშირო სახელმწიფოში შესვლის, რომელსაც ხალხში სსრკ-2-ად მოიხსენიებენ? საქმე იმაშია, რომ ამჟამინდელი ნაწილობრივ აღიარებულობის პირობებშიც კი აფხაზეთი ჯერ კიდევ რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია, დამოუკიდებლად იღებდეს კანონებს, მათ შორის - ისეთს, რომელიც მის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევას ააცილებს; აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია მთლიანია და ხელშეუხებელი; მიწა, ისევე, როგორც სხვა ბუნებრივი რესურსები, ხალხის საკუთრებას წარმოადგენს; ქვეყნის პრეზიდენტს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები ირჩევენ; სახელმწიფო ენად კი, რუსების მთელი ზეწოლის მიუხედავად, კვლავინდებურად რჩება აფხაზური. საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს.
«უკვე იმდენი წელია, წინააღმდეგობას ვუწევთ რუსებს უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის მიყიდვის, აიბღას და ბიჭვინთის საკითხებში. ეს ყველაფერი დასრულდება, როგორც კი შევცვლით ჩვენი კონსტიტუციის საფუძვლებს სუვერენულიდან საკავშიროდ. მერე ჩამოთვლილ საკითხებს უკვე ჩვენ კი არა, სხვები დაარეგულირებენ. საკუთარ რესპუბლიკაში დავრჩებით არა მარტო უმცირესობაში, არამედ უუფლებოდ. რუსები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ ხომ ამდენ ხანს ვბლოკავდით მათი სურვილების ასრულებას», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ტარიელი. მისივე აზრით, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ამ საკითხებში პრორუსული ხაზის აქტიური გამტარებელი იქნება.
«ვერ გამიგია, რაში სჭირდება აფხაზეთს ეს საკავშირო სახელმწიფო? ჩვენ რა, ამით მსოფლიო გვაღიარებს, თუ რაღაც სხვა პასპორტები გვექნება?! სისულელეა ეს ყველაფერი! ეს უბრალოდ ახალი ხერხია რუსეთის, რომ საბოლოოდ ჩაგვიგდოს ხელში. სხვაგვარად ამას ვერ აკეთებს, რადგან არაერთხელ გვითქვამს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ არ ვაპირებთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ახლა თავად განსაჯეთ, რისთვის გაჩნდა აქ ინალ არძინბა და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი საიდი.
ნათელია, რომ აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის საკითხი, რომელშიც რუსეთი მას ასე დაჟინებით აიძულებს შესვლას, არათუ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, არამედ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. პოლიტოლოგები ამ თემას მონდომებით უვლიან გვერდს — არ ვიცი, საჭირო მომენტს ელიან, თუ გააცნობიერეს, რომ ის უკვე დიდი ხანია, გადაიჭრა მოსკოვისა და სოხუმის მაღალ კაბინეტებში. და თუ მეორე დაშვებაა სწორი, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სრულად ჯდება ამ სცენარში. ხომ ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის სარფიანად გასაყიდად საჭიროა, ჯერ ხალხი დაყო, გააღატაკო, მერე კი გაკოტრებულად და ქმედითუუნაროდ გამოაცხადო თავი. აფხაზეთში ამგვარი განულების სტრატეგია უკვე ამოქმედდა, დარჩა მხოლოდ ბოლო ეტაპი – თავის ქმედითუუნაროდ გამოცხადება და რესპუბლიკა რუსეთისთვის ლანგარზე აღმოჩნდება მირთმეული.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება