
„ომიკრონთან“ დაკავშირებული შეშფოების გამო ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე ალაპარაკდნენ
01/12/2021 20:56:51 ევროპა
ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დადგა დრო, განიხილონ კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო გადამდები ვარიანტის – „ომიკრონის“ გამოჩენისა და აუცრელ მოქალაქეთა შორის ინფიცირების მაჩვენებელთა ზრდის გამო.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია (32) აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული „დელტა“. მეცნიერების განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი მონაცემებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა.
ბრიტანელი მეცნიერების წინასწარი შეფასებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სწრაფ ტესტს "ომიკრონის" შტამის ისევე, როგორც სხვა ვარიანტების გამოვლენა შეუძლია.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერის ლინდა ბოულდის თქმით, დელტას შემთხვევაში სწრაფ ტესტი ძალიან კარგად მუშაობს, რაც, მისი განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ ეს ტესტი ძალიან სასარგებლოა.
რაც შეეხება "ომიკრონის" სიმპტომებს, ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ ფინი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით ნაადრევია იმის თქმა, ზუსტად რა სიმპტომები ახასიათებს ახალ შტამს, თუმცა სამხრეთ აფრიკიდან მიღებული პირველადი მონაცემებით, "ომიკრონით" ინფიცირება სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გარეშე მიმდინარეობს და ადამიანები ყველაზე მეტად ძლიერ დაღლილობასა და გულისცემის აჩქარებას უჩივიან.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები. ჩვენ ჯერ არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება. გარდა ამისა, ჯერ–ჯერობით არ არსებობს ინფორმაცია უფრო მძიმე ფორმებით მიმდინარეობს თუ არა დაავადება "ომიკრონით" ინფიცირებულ აცრილ/აუცრელ ადამიანებში", – დასძინა ფინმა.
„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ აფრიკის რეგიონის 7–8 ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდეს.