Accentnews.ge
მოსამართლემ პროკურორების აცილების თაობაზე სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა

მოსამართლემ პროკურორების აცილების თაობაზე სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა

02/12/2021 09:07:37 სამართალი

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროკურორების აცილების თაობაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა.

მისი თქმით, პროკურორის ინტერვიუში პოლიტიკური კომპონენტი არ იკვეთება.

როგორც მან აღნიშნა, პროკურორის საჯარო განცხადებები შეიცავდა "გაკიცხვის ელემენტებს", რაც, მისი თქმით, დაშვებულია ბრალდების მხარის მხრიდან.

სააკაშვილის ადვოკატები ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას ითხოვდნენ. აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ადვოკატ გვარამიას განცხადებით, მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო:

„ვფიქრობ, ეს განცხადებები ბრალდებას არ შეეხება, პოლიტიკური შინაარსისაა, ვინაიდან ხდება პოლიტიკურ კონტექსტში შეფასება და აქედან გამომდინარე გადადის საქმის მასალებზე, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს, კონკრეტულად მუჯირს, არ გააჩნია და ამიტომ ვითხოვ აღნიშნული პროცესიდან მის აცილებას“.

მოგვიანებით, ადვოკატებმა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის აცილებაც მოითხოვეს.

სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S