Accentnews.ge
"3 საათით ადრე მომიყვანეს და სასამართლო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს"

"3 საათით ადრე მომიყვანეს და სასამართლო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს"

02/12/2021 09:27:42 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროცესის დაგვიანებით დაწყებაზე ისაუბრა.

მან ყველას მოუწოდა, შემდგომში სასამართლოში დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რომ პროცესი დროულად დაიწყოს.

"ამ სასამართლოს დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს. მე ვარ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის ერთ-ერთი პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე. [...] მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე. ეს არის პირველ რიგში, საზოგადოების პატივისცემა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა",– განაცხადა სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S