Accentnews.ge
"სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ"

"სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ"

02/12/2021 09:53:28 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი არ ითხოვს მადლობას იმის გამო, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ შეურაცხყოფას და უსამართლობას ვერ მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვერც იმას მიიღებს მისი სახელის გვერდით სიტყვა კორუფცია ახსენონ.

"არ ვითხოვ მადლობას, სიბნელიდან დენი რომ მოვიყვანეთ და ნავთქურები და გენერატორები რომ დაგვავიწყდა. არ ვითხოვ მადლობას იმისათვის, რომ მათ შორის, ალბათ, ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულზე 15 ათასს აღარ თხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ე.წ. იუსიტიციის მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმას, მადლობა თქვან, რომ პენსიები ათჯერ გაიზარდა, ხელფასები ათჯერ გაიზარდა, სამუშაო ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ, რაშიც დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე რომელიმე ქვეყანაში და მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მოახერხა, ეს იყო საქართველო",– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S