
"ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა, როგორც კი სამართლიანი სასამართლო იქნება, მზად ვარ, წარვდგე და დაე, მან გამასამართლოს"
02/12/2021 10:05:46 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი ფარსი და ისტორიული სირცხვილია.
პროცესზე სააკაშვილმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მზადაა, წარდგეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
„ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა. როგორც კი ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მზად ვარ დავამტკიცო. არსად გავრბივარ. ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში გავყავი თავი. მზად ვარ, წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს როცა იქნება, თუნდაც 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ 3–ში. იმას კი არ გთხოვთ, რომ მე დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ ნებისმიერი ადამიანის წამება. დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დაგმეთ არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის მიმართ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, „დღევანდელი მახინჯი სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ ციხიდან ცოცხალი არ გავიდეს“.