
"ერთადერთი ბრძანება, რაც გავეცი 26 მაისს, იყო დემონსტრანტების გაყვანა აქციიდან"
02/12/2021 10:31:34 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი ბრძანება, რომელიც მან 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს გასცა ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ეხებოდა.
"მე მინდა ხალხმა იცოდეს, რომ 26 მაისზე რა იყო. 26 მაისზე, რახან წამოჭრეს ეს საკითხი, 26 მაისზე აგერ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს, მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, დათუკაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ რომ მართლა გადაუარა მანქანამ, პროტესტანტების. პოლიციამ მართლა დაკარგა თავზე კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო ძალიან ცუდი, იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი და თემურიმ დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო იმიტომ, რომ პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილება იმიტომ, რომ თავისიანი მოუკლეს, და რა ვქნათო და რა შეიძლება ვქნათ… გავუხსნათ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, რომ იქ განვარიდოთ და იმ პარკის მეშვეობით გავიყვანოთ ყველა აქედანო. მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანე, გაარიდე, ყველა მიმართულებით გაიქცეს. აი ეს იყო ერთადერთი ბრძანება, რაც მე გავეცი 26 მაისს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.
სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.
2011 წლის 26 მაისს თბილისში ოპოზიციის საპროტესტო მიტინგის დაშალეს, რის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაშავდა. რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად იყო მსხვერპლიც, მათ შორის, ერთი პოლიციელი. დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.