Accentnews.ge
"ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ და წავედით ცარიელები"

"ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ და წავედით ცარიელები"

02/12/2021 10:48:36 პოლიტიკა, სამართალი

ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, სამუშაო ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა საქართველოდან წავიდა, საჭმლის ფულის პრობლემა ჰქონდათ:

„მინდა, ვთქვა და საქართველოს ხალხმა ეს იცის, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო ნული, იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი, ორი მოხუცებული წყვილი ზის თავის კომოდთან და კომოდი არის ცარიელი. მიწერილი ჰქონდა ამ სურათს, მიშა, ძალიან გთხოვ, აგვივსე ეს კომოდი. ჩვენ რაც შევძელით, ავავსეთ. [...] რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში , ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბაბუამისმა ედუარდმა, დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 1994, თუ 95 წელს დაწყებულ მშენებლობაში, როგორც იქნა დამთავრდა ის მშენებლობა და იქ არის ახლა გადასული. ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის, ყველას შეგიძლიათ, წახვიდეთ და ნახოთ. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, რომ მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა და დედაჩემმა კარგად იცის. შემდეგ დავიწყე ლექციების კითხვა, ბოლო წლებში უკრაინაში ვაღიარებ, რომ ესე კარგად არასდროს ვყოფილვარ, რადგან როგორც იქნა მოხდა ბიზნეს სექტორის და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების სათანადოდ დაფასება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S