ევროკავშირი საქართელოს მთავრობას აფრთხილებს

02-12-2021 15:08:20 ევროპა ,საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს საგანგებო განცხადებით ეხმიანება და მიუთითებს, რომ ეს დანიშვნები წინააღმდეგობაში მოდის 19 აპრილის შეთანხმებით დადებულ და 28 ივლისს გამეორებულ პირობასთან ამბიციური სასამართლოს რეფორმის გატარების თაობაზე.

"ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ დანიშნა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე. ამგვარი დანიშვნები, რომლებიც ხორციელდება მანამ, სანამ ყურადღება მიექცევა ნომინაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს, არ პასუხობს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ეს ბოლო დანიშვნები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ლიდერების მიერ წელს, 19 აპრილის შეთანხმებით დადებულ და 28 ივლისს გამეორებულ პირობას ამბიციური სასამართლოს რეფორმის გატარების შესახებ. ეს მოიცავდა უზენაეს სასამართლოში ნომინირების პროცესზე მუშაობას, მანამ, სანამ მოსამართლეები დაინიშნებოდნენ. ეს ნაბიჯები ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის ძირის კიდევ უფრო მეტად გამოთხრის საფრთხეს",– ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, "გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ფართო, ინკლუზიური და პარტიებშორისი რეფორმის პროცესით".

ევროკავშირი გამოდის შეხსენებით, რომ ის "სრულად ერთგული რჩება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა, თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის პირობა პროგრესია მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის სასამართლოს რეფორმის პროცესში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები