
ე.წ. პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა
02/12/2021 11:35:44 პოლიტიკა, სამართალი
ე.წ. პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელი განხილვა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია.
პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ისაუბრა, მათ შორის, თანხებზე, რომელთა გაფლანგვასაც ედავებიან, ასევე – 2011 წლის 26 მაისის ღამით ანტისამთავრობო აქციის დარბევაზე.
პროცესის დაწყებისას სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადებს, რომ პროკურორებმა გიორგი მუჯირმა და არჩილ ტყეშელაშვილმა მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვიეს და საქმიდან მათი აცილება ოითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.