კრემლი ყირიმის შესახებ ზელენსკის სიტყვებს "რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხედ" განიხილავს

02-12-2021 16:26:35 ევროპა

კრემლში ყირიმის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს "რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხედ" განიხილავენ, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

"უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება "უკრაინის მთავარ მიზნად და ფილოსოფიად უნდა იქცეს", კრემლში აღვიქვით განზრახვად, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, ძალისმიერის ჩათვლით, რუსეთის რეგიონზე თავდასასხმლეად" - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრისას მან გამოიყენა სიტყვათა შეთანხმება "კიევის რეჟიმი". სწორედ ასე მოიხსენიებდა რუსეთის ხელისუფლება უკრაინისას 2014 წელს, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აღიარებდა უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

"უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ალბათობა კვლავინდებურად მაღალია", – განაცხადა პესკოვმა და კიევი დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებზე შეტევის მზადებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის: უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნაკლებადაა შესაძლებელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. ყირიმზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება უკრაინული პოლიტიკის მიზანია. ამასთან, ზელენსკის არ უხსენებია ყირიმისა და დონბასის პრობლემების ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძებლობა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ამასწინათ ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები დონბასზე შეტევას არ გეგმავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები