სტოკჰოლმში ლავროვს პროპაგანდისტული გზავნილების საპასუხოდ, მათ შორის საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენეს

02-12-2021 17:32:55 საგარეო პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთისგან აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების იურიდიული გარანტიები მოითხოვა, თემაზე საუბარი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ეუთო–ს მინისტერიალზე გააგრძელა, რომელიც სტოკჰოლმში მიმდინარეობს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე.

ალიანსის გაფართოების საკითხს რუსმა დიპლომატმა საკუთარი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო, გააჟღერა რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი არახალი გზავნილებიც, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის და რეგიონში ამჟამად არსებული უსაფრთხოების მოწყვლადი გარემოს კონტექსტში, აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება „ევროპის უსაფრთხოებისთვის ნაღმია“, რომ ვინც მას იმეორებს, „ცეცხლს ეთამაშება“ და რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგისას იმუშავებს, რათა გამორიცხოს ნატო–ს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით:

„სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა უარესდება. ნატო უარს ამბობს დაძაბულობის განმუხტვის ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზებების განხილვაზე. პირიქით, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა უპასუხისმგებლოდ უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. ბრუნდება სამხედრო დაპირისპირების კოშმარული სცენარი, რომელიც ჩვენმა კონტინენტმა უკვე გადაიტანა ნატო–ს ორმაგი გადაწყვეტის შემდეგ. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატო–ს წევრები გახდებოდნენ, არის ნაღმი თავად ევროპული უსაფრთხოების საფუძველში. 2008 წელს ეს უკვე გამოვლინდა, როდესაც ნატო–ს პერსპექტივებით ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურაზე წასვლა, რამაც თავად საქართველოს მოუტანა ურთულესი შედეგები და ევროპის უსაფრთხოების უსაფრთხოება საშიშ ზღვრამდე მიიყვანა. ვინც ბუქარესტის თეზისს დაზეპირებულად იმეორებს და აღნიშნავს, რომ „მესამე ქვეყანას არ აქვს თავისი პოზიციის გამოთქმის უფლება“, ეს ადამიანები „ცეცხლს ეთამაშებიან“. გვინდა, ყველასთვის მკაფიო იყოს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების რუსეთთან წინააღმდეგობის პლაცდარმად ქცევა კატეგორიულად მიუღებელია. პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების ინტერესებს“.

საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენა, რომელთა ჩამონათვალი ვრცელია:

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოახდინოს დეესკალაცია, დააბრუნოს ძალები ნორმალურ, მშვიდობიან პოზიციაზე. შეასრულოს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებლობიანი გზა კრიზისის დასაძლევად. ჩვენ მზად ვართ ამის მხარდასაჭერად. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეუსრულებელია, გაიწვიოს მძიმე შეიარაღება – შეუსრულებელია, ეუთოს მონიტორინგის მისიას მონიტორინგის ნება დართოს – შეუსრულებელია, პოლიტპატიმრების საკითხი – შეუსრულებელია, ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული სამხედრო ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“.

მოგვიანებით, ეუთო–ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.

ეუთო-ს თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლინდემ კი მათ შორის უშუალოდ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის შექმნის იდეას:

„როდესაც თავმჯდომარეობა დავიწყეთ, პირობა დავდეთ, რომ აქტიურ როლს ვითამაშებდით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციის მექანიზმში საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირთან და გაერო–სან ერთად. აღვადგინეთ დისკუსია და დავეხმარეთ მონაწილეებს, ფოკუსირება მოეხდინათ საკითხებზე დაფუძნებულ დღის წესრიგზე. ეს საჭირო იყო, რადგან არსებული სტატუს კვო და პოლიტიკურ–ჰუმანიტარული ვითარება მიუღებელია! გადაუჭრელი საკითხები რჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტშიც. დარწმუნებულნი ვარ, სომხეთ–აზერბაიჯან–საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის ღირებულებაში. ეუთო მზადაა, ამაში ფასილიტაცია გასწიოს. ჩვენმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ამისათვის ნიადაგი უკვე მოამზადა“.

ხსენებული სამმხრივი ფორმატის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რიგი სამუშაოები გასწია, შედგა ვიზიტები მეზობელ სახელმწიფოებში, თუმცა პერსპექტივა ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები