რუსეთი დასავლეთისგან აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების იურიდიულ გარანტიებს მოითხოვს

01-12-2021 17:28:39 პოლიტიკა

რუსეთი დასავლეთისგან აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების იურიდიულ გარანტიებს მოითხოვს. შესაბამისი შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უცხოეთის ქვეყნების ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“[…] შეშფოთებულები ვართ არა მარტო იმით, რომ მსოფლიოს ქვეყნები ცალ-ცალკე მოქმედებენ და ვერ ახერხებენ ძალისხმევის გაერთიანებას რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, არამედ იმითაც, თუ რა დამოკიდებულებას იჩენს ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ჩვენი სახელმწიფოს – რუსეთის მიმართ: ისინი ყოველმხრივ ცდილობენ ჩვენი განვითარების შეკავებას, სასანქციო ზეწოლას და მეტიც, ჩვენს საზღვრებთან ვითარების დაძაბვას” – განაცხადა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, “რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან დაძაბულობა რეალურად იზრდება, რაც რუსულ მხარეს არაერთგზის აღუნიშნავს და რაც მისთვის სერიოზულზე უფრო მეტია”.

“საკმარისია, შევხედოთ, რამდენად მოგვიახლოვდა ჩვენს საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამ ვითარებაში ჩვენის მხრივ ვიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს. და ვიმეორებ, ჩვენ კი არ ვუქმნით ვინმეს საფრთხეს – პირიქით და შესაბამისად, ამაში ჩვენი დადანაშაულება, ამის ჩვენთვის გადმობრალება სულ მცირე, უპასუხისმგებლოა” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსული დიპლომატიის წინაშე ამჟამად დგას უპირველესი ამოცანა – რუსეთისთვის უსაფრთხოების მყარ და გრძელვადიან გარანტიებს მიაღწიოს და ეს მოსკოვისთვის აშშ-სა და მის მოკავშირეებთან დიალოგში ერთ-ერთ უმთავრეს, პრინციპულ თემად დარჩება”.

“ჩვენ სამომავლოდაც დაჟინებით მოვითხოვთ მათთან დიალოგში იმ კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს ნებისმიერ გაფართოებასა და რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განთავსებას სრულად გამორიცხავს” – განაცხადა პუტინმა და ამ საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს “სწორედ სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები ესაჭიროება, რადგან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს მათ მიერ ნაკისრი ზეპირსიტყვიერი ვალდებულებები”.

“კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია ნატო-ს მიერ დადებული პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, თუმცა ყველაფერი ამის საპირისპიროდ გაკეთდა – არსობრივად, ალიანსმა იგნორირება გაუწია უსაფრთხოების სფეროში რუსული მხარის სრულიად კანონიერ, საფუძვლიან შეშფოთებას და მისი იგნორირება ახლაც გრძელდება”.

“ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე ევროატლანტიკის ყველა სხვა ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ მშვიდი, სტაბილური სიტუაცია აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველასათვის, რადგან ეს ყველას ერთნაირად სჭირდება. ვამბობ რა ამას, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი დაინტერესებულია კონსტრუქციული ურთიერთქმედების ჩამოყალიბებით, თანასწორუფლებიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებით და ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პოსტულატად რჩება” – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები