
სოხუმი სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება
03/12/2021 14:51:54 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მის მიერ "ოკეანეთის ქვეყნების ჩინოსნების მოსყიდვის აღიარების" შესახებ საუბრობს.
საუბარია სააკაშვილის მიერ ამასწინათ მის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველომ ოკეანეთის ქვეყნების ჩინოსნებს ტაილანდში დასვენება დაუფინანსა.
"სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა დანაშაული - უცხო ქვეყნების ჩინოსნების მოსყიდვის მცდელობა. საუბარია ოკეანეთის ქვეყნებზე, რომლებმაც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს - ნაურუზე, ტუვალუზე და ვანუატუზე. სააკაშვილმა მხოლოდ დაადასტურა ფაქტები, რომლებიც გაგვაჩნდა, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას და პირადად მას კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნების მოსყიდვასთან" - განაცხადა დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ.
ამასთან, მისივე მტკიცებით, "წყნარი ოკეანეს ქვეყნების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება აფხაზური საგარეო უწყების ხანგრძლივი და დაუღალავი მუშაობის შედეგია და ახლაც, ფართო საერთაშორისო აღიარების მიღწევა აფხაზური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა ქართველი ოპონენტებისგან განსხვავებით, აფხაზი დიპლომატები თავის სამუშაო პრაქტიკაში უცხო ქვეყნების ჩინოსნებთან ურთიერთქმედებისას მხოლოდ ცივილურ და კანონიერ მეთოდებს იყენებენ".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთანავე, საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რა გზებით მიაღწია რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებას იმ სამი ქვეყნის მიერ, რომელსაც სოხუმის "სუვერენიტეტი" სადღეისოდ აქვს აღიარებული. ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოსაც საჯაროდ აქვს აღიარებული, რომ რუსეთი მას ერთ დროს სანაცვლოდ დიდ თანხებს სთავაზობდა.
ცნობისთვის: 2008 წლის ომის შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს აქვთ აღიარებული. კუნძულოვანმა ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარების თავდაპირველი გადაწყვეტილება მოგვიანებით უკან გაიწვიეს.