პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

05-12-2021 02:30:29 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ , მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები