ეკონომიკის მინისტრი კომპანიას MyWay Airlines პასუხობს

06-12-2021 14:06:15 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიის Myway Airlines საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და თუ კომპანია დადგენილ ხარვეზებს აღმოფხვრის, ლიცენზიის აღდგენაზე მიმართვა კვლავ შეეძლება.

„ქართული კანონმდებლობით დადგენილია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამით ქართველი ინვესტორების პრიორიტეტი დაცულია. ამ ნაწილში კითხვები გაჩნდა სააგენტოსთან. სააგენტოს ძალიან წონადი არგუმენტები ჰქონდა, რომ ლიცენზია გაეუქმებინა, მაგრამ თუ გამოსწორდება ის ხარვეზები, რაც დადგენილი იყო, კომპანიას Myway Airlines ყოველთვის აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს და სააგენტო განიხილავს ლიცენზიის აღდგენის საკითხს. მოვისმინე, თითქოს ეს არის ავიაციის სფეროში კონკურენციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი - ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და საქმეში ჩაუხედავი მსჯელობა, იმიტომ, რომ ჩვენი ავიაბაზარი გახსნილია, ღია ცის პოლიტიკას ვახორციელებთ. 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო უცხოური კომპანია დაფრინავს - არანაირ უპირატესობაზე და მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოში არის კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს და Myway Airlines-ც ბოლო პერიოდში მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებდა. 6-მდე ახალი განაცხადიცაა შესული და განიხილება. თუ კანონთან შესაბამისობაში მოვლენ, ყოველთვის შეიძლება ამ ლიცენზიის აღდგენაზე მომართვა“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: ავიაკომპანიას Myway Airlines მთავრობამ ლიცენზია შეუჩერა. Myway Airlines-ის იურისტი აღნიშნავს, რომ თუ კომპანიას ლიცენზია არ აღუდგებათ, საავიაციო ბაზარზე მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია დარჩება, რაც მისი თქმით მონოპოლიის მცდელობის ეჭვებს აჩენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა და მიზეზები განმარტა. სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 31 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსისთვის“ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე, რაც განაპირობა ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 40%-ი წილის გასხვისებამ უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოექცა კომპანიის წილების 89%-ი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები