
სოხუმი - საერთაშორისო NGO-ებს: "თბილისთან ნებისმიერი დიალოგი შეთანხმებული უნდა იყოს"
06/12/2021 10:20:15 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოურ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისის წარმომადგენლების მონაწილეობით ნებისმიერი სახის ღონისძიებების ორგანიზების მასთან შეთანხმება მოსთხოვა.
«ვხელმძღვანელობით რა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით, ყველას შევახსენებთ, რომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის ახალგაზრდობასთან შეხვედრების, დისკუსიების, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზებისას, ასევე საინფორმაციო მასალების გავრცელებისას და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებისას ვალდებულნი არიან, ეს ქმედებები წინასწარ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებასთან შეათანხმონ, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოებრის ბრძანებულების თანახმად, მთავარი კოორდინატორი გახლავთ უცხო ქვეყნებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებში. ასევე სავალდებულოა საგარეო უწყებასთან ყველა იმ პროგრამისა და პროექტის შეთანხმება, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ევალებათ, საგარეო უწყებას წარუდგინონ მოხსენებები გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის, თავისი დაფინანსებისა და თანამშრომლების შესახებ" - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, კრემლის კადრი ინალ არძინბა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პირადად შეხვდა.