
"ურთიერთობა, რომელიც ამჟამად გვაქვს საქართველოსთან, ერთ–ერთი საუკეთესოა"
06/12/2021 15:19:01 პოლიტიკა
"ურთიერთობა, რომელიც ამჟამად გვაქვს საქართველოსთან, ერთ–ერთი საუკეთესოა", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სამი ასპირანტი ქვეყნიდან არის ერთ-ერთი, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში.
„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. საქართველო სამი ასპირანტი ქვეყნიდან არის ერთ-ერთი, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში და ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან ბოლო თვეებში ძალიან ნაყოფიერად და ინტენსიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-ს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩვენ ვმუშაობთ საქართველო-ნატო-ს კომისიის ჩარჩოში, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი, რადგან ნატო-ს მხოლოდ რამდენიმე პარტნიორს აქვს სპეციფიკური პლატფორმა ნატო-სთან თანამშრომლობისთვის. ამასთა, ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი სტუმრობდა საქართველოს და ოქტომბერში მეც ვიმყოფებოდი საქართველოში. მე შესანიშნავი შეხვედრები მქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან. მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტში. პრაქტიკული თანამშრომლობა არის ფართო და აქტიური. არ არსებობს პარტნიორობისთვის გამიზნული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველო ძალიან კარგად იყენებს. ეს ეხება როგორც განათლებას, ისე ტრენინგებს და ა.შ. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ურთიერთობა, რომელიც ამჟამად გვაქვს საქართველოსთან, ერთ–ერთი საუკეთესოა", – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.